ანდრო გოცირიძე: საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული რუსული სივრცისგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად

“საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული რუსული სივრცისგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ენერგეტიკულად, რათა სამეზობლოში პოლიტიკურმა რყევებმა საქართველოზე დამანგრეველი ზეგავლენა არ იქონიოს და ქაოსი არ დაიწყოს. რყევები კი, ვფიქრობ, ზამთრიდან დაიწყება”, – ამის შესახებ  უსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, როდესაც ომი სინამდვილეში რუსეთსა და უკრაინას კი არა, რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს, რუსეთის დამარცხებაც და უკრაინის გამარჯვებაც რისკების შემცველი იქნება.

“რა შედეგითაც უნდა დასრულდეს რუსეთისთვის უკრაინაში ომი, ეკონომიკურად მაინც დამანგრეველი იქნება. სანქციები ნელი მოქმედების ნაღმია და სავსებით შესაძლებელია რუსეთის დაშლას შეუწყოს ხელი. თუმცა ეს მალე არ მოხდება. სცენარის ამგვარმა განვითარებამ, რუსეთის სწრაფად დაშლას ვგულისხმობ, შესაძლოა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას დიდი საფრთხე შეუქმნას. რუსეთი ტოტალიტარული, უნიტარული სახელმწიფოა და ავტონომიური წარმონაქმნების უფლებები გარანტირებული არა აქვს. ამიტომ შანსი იმისა, თუ რომელიმე ავტონომიური ოლქი მისგან გამოყოფას მოითხოვს ამას უპრობლემოდ მიიღებს, არ არსებობს. თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ეს პროცესები აუცილებლად დაიწყება. გასაგებია, რომ თვითკმარი სახელმწიფოა, მაგრამ გლობალურ პირობებში დამოუკიდებლად არსებობა არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია. საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშვას, აუცილებლად მოჰყვება რეცესია და დაღმასვლა, რაც უკვე დაწყებულია.

2008 წელს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ, 2014-ში დაუწესეს, თუმცა უფრო სიმბოლური – ევროპამ შეზღუდვები მალევე შეარბილა. დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს, დასავლეთის ეკონომიკური სანქციები ბევრად ხისტი და დამანგრეველია, შესაბამისად, მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, ამერიკის ლიდერობით, გაცილებით შეუვალია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. რუსეთის დაშლაზე უკეთესი როგორც მისი სამეზობლოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის, მისი დემოკრატიზაცია, თანამედროვე საზოგადოებად გარდაქმნაა, თუმცა ასეთ ცვლილებასაც აუცილებლად მოჰყვება მისი დაშლა. დემოკრატიზებული იმპერიები, ადრე თუ გვიან, იშლება. კაცობრიობამ ეს ნაბიჯი უკანასკნელად მე-20 საუკუნის შუახანებში გადადგა. ამჟამად, 21-ე საუკუნეში, არსებობს ერთადერთი რუსეთის იმპერია და ის აუცილებლად დაიშლება. რუსეთის დაშლა და დეზინტრეგაცია, თუ ის უკონტროლო იქნება, დიდი რისკის შემცვლელია. მათ შორისაა ჩრდილო კავკასიის რადიკალური ისლამის მიმდევარი კვაზისახელმწიფოების წარმოქმნა, რაც საქართველოსთვის არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე რუსეთის დღევანდელი სახით არსებობა.

დღევანდელი რუსეთი უკიდურესად აგრესიული, იმპერიული სახელმწიფოა, რომელიც გამუდმებით ისწრაფვის მეზობელი ქვეყნების დაპყრობისკენ. მის საზღვართან მყოფი სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარება ეგზისტენციალურ საფრთხედ მიაჩნია. თუ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ოდესმე დემოკრატია გაიმარჯვებს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებულ რესპუბლიკებსა და ოლქებში დაიწყება თვითგამორკვევის პროცესი. ამას ებრძვის რუსეთი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სამყაროსგან ჩამოშორებას ცდილობს. იციან, რომ დაინახავენ, პუტინის სახელმწიფოს გარდა, სხვაგვარი სამყაროც არსებობს, სადაც ვიღაცის რკინის მუშტი მუდმივად არ ზღუდავს ხალხს, თავადაც მოინდომებენ. ჩრდილოეთი კავკასია რუსული იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გვიან დაპყრობილი ტერიტორიაა, იქ გამათავისუფლებელი მოძრაობა თითქმის არასდროს შეწყვეტილა. თავისუფლებისკენ სწრაფვის მუხტი იქ, კერძოდ, ჩეჩნეთში, ჯერაც არის, რადგან ჩეჩნეთის პირველი ომის შემდგომ რუსეთმა მოახერხა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში მყოფ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებად გარდაექმნა, რითაც, ფაქტობრივად, კარტ-ბლანში მიიღო, რომ მათ გასწორებოდა. ამისთვის დასავლეთისგანაც მიიღო თანხმობა, რადგან ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა ეროვნულ ნიადაგს თანდათან დასცილდა და რადიკალურ ტერორისტულ დაჯგუფებებად იქცა. ეს უკვე ჩეჩნეთის მეორე ომის შემდგომ ეტაპზე პუტინ-პატრუშევის გუნდის დამსახურება იყო. ზოგი მათგანი საქართველოსაც ძალიან ცუდად ახსოვს, მაგალითად, შამილ ბასაევი და კიდევ ბევრი არაერთი ცნობილი ტერორისტი, ვისთანაც ადრე ჩეჩნური ეროვნული მოძრაობა ასოცირდებოდა. დღეს ისევ არის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნულმა მოძრაობამ გაიღვიძოს, რაც საქართველოში პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდ რისკებსაც შეიცავს, რისთვისაც მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური ძვრა, როგორიც რუსეთის იმპერიის შესაძლო დაშლა შეიძლება იყოს, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოებისთვის ან თუნდაც ეკოლოგიურად დიდი საფრთხე იქნება საქართველოსთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივესალმოთ ამას, მაგრამ ეს რისკები უნდა გავითვალისწინოთ და თავი დავიზღვიოთ სწორი პოლიტიკით.

საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო, ამ მასშტაბის პროცესებზე გავლენას ვერ იქონიებს, მთავარია, მომზადებული შევხვდეთ ამას. საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული რუსული სივრცისგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ენერგეტიკულად, რათა სამეზობლოში პოლიტიკურმა რყევებმა საქართველოზე დამანგრეველი ზეგავლენა არ იქონიოს და ქაოსი არ დაიწყოს. რყევები კი, ვფიქრობ, ზამთრიდან დაიწყება. მმართველი რუსული ელიტა მის ჩახშობას შეეცდება ყოველივეს ფასად, თუმცა ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან სანქციებით, ომში დამარცხებითა და პოლიტიკურად არასწორად დაგეგმილი ნაბიჯებით გამოწვეული შედეგი რუსეთს ჯერ წინ აქვს. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რაც შესაძლოა მსოფლიოსთვის უფრო ნაკლები ზიანის მომტანი იყოს. რუსეთის დიდ ქალაქებში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი-ნოვგოროდსა და მსგავს ადგილებში პოლიტიკური ცხოვრება ჯერ კიდევ ცოცხალია, იქ ქვეყნის ელიტა, მდიდარი, პოლიტიკურად განათლებული ხალხი ცხოვრობს და პუტინის გუნდი ცდილობს მას პრობლემები აარიდოს. თუმცა რუსული ისტორიის გამოცდილებით, მშივრების ბუნტი ყოველთვის ნაკლებად განათლებულ, სწორედ დასავლეთთან ნაკლებად ინტეგრირებულ რეგიონებში იწყებოდა. შესაძლოა ისინი სიტყვის თავისუფლების, ფუფუნების საგნების უქონლობის გამო არ აჯანყდნენ, რადგან ასეთი რამ რუსეთის იმპერიის საუკეთესო წლებშიც არ ჰქონიათ, მაგრამ თუ არსებობისთვის ელემენტარულ პირობებს წაართმევენ, პენსიებს დაუგვიანებენ ან თუნდაც სპირტიან სასმელს გაუძვირებენ, რაც მათთვის სულაც არ არის უმნიშვნელო, მაშინ შეიძლება აჯანყდნენ. ასეთ პროცესებს კი რუსეთი ვერასდროს აღუდგა წინ და ვერც სისხლიანი პროცესები აირიდა. იმპერიას თავისი სპეციფიკა აქვს. დიქტატორულ რეჟიმებში ცვლილებები ყოველთვის მმართველი გუნდის დახლეჩით იწყება, მომავალი მემკვიდრე ყოველთვის ასეთ დროს იბადება და წინამორბედის გზას მიჰყვება, მცირედი გადახვევებით. ასევე ხშირია ხელისუფლების ცვლილება შიდა გადატრიალებითა და სისხლიანი რევოლუციებით. ასეთი ცვლილებები რუსეთისთვის ახალი არ არის, ივანე მრისხანეს დროიდან ასე ხდებოდა, ასეთი გზა გაიარეს სტეფანე რაზინმა, პუგაჩოვმა და თუნდაც სოციალისტური რევოლუციის შემოქმედებმა. მოსახლეობის უღარიბესი, მშიერი ფენა ბუნტს აწყობდა და შედეგსაც იღებდა.

ეს საფრთხეები ჯეროვნად უნდა შევაფასოთ, მაგრამ ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზაციის ჭაობშია ჩაფლული. როდესაც შენს რეგიონში ომი სინამდვილეში რუსეთსა და უკრაინას კი არა, რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს, რუსეთის დამარცხებაც და უკრაინის გამარჯვებაც რისკების შემცველი იქნება. ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა მოსალოდნელი საფრთხეების კლასიფიკაციაზე, სქემების შემუშავებაზე უნდა მუშაობდეს, როგორ ავირიდოთ ზიანი ან მაქსიმალურად შევამციროთ. ღმერთმა დაგვიფაროს და, გამარჯვებული რუსეთი მაშინვე მოგვთხოვს კაპიტულაციას. თუ არ შევებრძოლებით, ევროატლანტიკურ ვექტორს სამუდამოდ დავკარგავთ. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოსკენ გამოწევის შემთხვევაში მარტივი გასეირნება არ მოუწევს. ხოლო დამარცხებული რუსეთისგან წამოსული პრობლემებია ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადები, იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია ან გამოძევება. ამას მოჰყვება ენერგორესურსების, ვაჭრობის შეზღუდვა. ქვეყანა ამისთვის უნდა ემზადებოდეს. ახლახან ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს შეექმნა საფრთხე – როდესაც ასეთი­ მყიფეა მშვიდობაც და უსაფრთხოებაც, სულ ცოტა, ბირთვული უსაფრთხოება მაინც უნდა ვასწავლოთ მოსახლეობას და რადიაციული თავშესაფრები მაინც გვქონდეს მზად”,- განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები