2022 წლის ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა აჩვენებს, რომ წლის მეორე ნახევარშიც ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვექნება, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, უტრირებული რუსული სანქციების დაწესების გარეშეც, ეკონომიკა გადაწყობას და დივერსიფიკაციას საკმაოდ წარმატებით ახერხებს!
„2022 წლის ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობაც (540.2 მლნ. აშშ. დოლარი), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.8%-ით არის გაზრდილი აჩვენებს, რომ წლის მეორე ნახევარშიც ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვექნება.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არა მხოლოდ რეკორდულია, როგორც წინა წლების ივლისის, ასევე სხვა თვეებთან შედარებითაც, არამედ მაღალი ბაზისური ეფექტის თვალსაზრისითაც. გასული წლის ივლისშიც მნიშვნელოვნად მაღალი – 41%-იანი ექსპორტის ზრდა გვქონდა!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ექსპორტ-იმპორტის ზრდის დინამიკა ანუ წმინდა ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი. ივლისში იმპორტის ზრდა ჩამორჩებოდა ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს გაიზარდა რა 26.3 პროცენტით, ისევე როგორც 2022 წლის იანვარ-ივლისში. წლის პირველ 7 თვეში ექსპორტი გაიზარდა 36.3 პროცენტით და 3,098.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 34.8 პროცენტით გაიზარდა და 7,087.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც. ივლისში სავაჭრო ბრუნვა 30.4 პროცენტით გაიზარდა და 1,654.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10,186.1 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია.
2022 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო დეფიციტმა 3,988.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც სავაჭრო ბრუნვის 39 %-ია და ნაკლებია გასული წლების მაჩვენებელზე და ასახავს წმინდა ექსპორტის დადებით დინამიკას, რაც გარდა ზრდის ხელშემწყობი ფაქტორისა, პოზიტიურად აისახება ლარის გამყარებაზე. შედარებისათვის 2019 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 40.5 % შეადგინა.
ნიშანდობლივია, რომ არა თუ გასული წლის, არამედ 2019 წელთან შედარებითაც იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 45.5 %-ით, ხოლო ექსპორტი 47.5 %-ით არის გაზრდილი, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღების სურათს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ასე უტრირებული რუსული სანქციების დაწესების გარეშეც, ეკონომიკა გადაწყობას და დივერსიფიკაციას საკმაოდ წარმატებით ახერხებს!“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.