მარიამ ჯაში ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა
მარიამ ჯაში მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა.
მარიამ ჯაში – ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში; მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე; სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი; გაერო-ს შიდსის პროგრამის დამოუკიდებელი ექსპერტი; გაერო-ს ბავშვთა ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი; შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი; მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი; UNDP და UN WOMEN -ის კვლევითი პროექტების კონსულტანტია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების ამოქმედებაში.
მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია 1919 წელს შეიქმნა, 1954 წლიდან თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ხოლო 1987 წელს მოიპოვა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი.
103 წლის ისტორიის მქონე MWIA დღეს, მსოფლიოს მასშტაბით 12,000-ზე მეტი წევრით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 36 ეროვნული ასოციაციაა.
ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პროფესიული გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობა გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში, ქალი მედიკოსების უფლებების დაცვა და ჯანდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის საკითხები.
მარიამ ჯაშის ჩართულობა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის რანგში, იქნება უმნიშვნელოვანესი გლობალური ჯანდაცვის, ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის და მედიკოს ქალთა მხარდაჭერის თვალსაზრისით.