ნანა კაკაბაძე: თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია

„მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა“ – ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ” ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ნანა კაკაბაძე აგვისტოს ომის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას.

მისი თქმით ეს ის ხალხია, რომელთა პრეზიდენტი, 2008 წლის წაგებული ომის შემდეგ, რუს ტურისტებს საქართველოში ეპატიჟებოდა და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე და იგივე პოლიტიკური ძალა დღეს სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს.

„ომი და მშვიდობა. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. დაყოფილები მხარეებად. შუა თითქმის გაკრეფილია. რამდენი წელია ერთმანეთს ვუმტკიცებთ, რომ სწორედ მეორე მხარეა ქვეყნის მოღალატე. დღეს ამის მტკიცების საფუძველი მოგვცა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავმა. აქამდე ვიცოდით, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 8 აგვისტოს გადმოლახა. ყველას თავში ჩაუბეჭდეს საკრალური ციფრები – 08.08.08. ის ხალხი, ვის კისერზეცაა აგვისტოს ომში დამარცხება, ტერიტორიების დაკარგვა, ვინც ყოველთვის ომის დაწყებას, 8 აგვისტოს აღნიშნავდა, დღეს გვეუბნება, 8-ში კი არა, ომი 7 აგვისტოს დაიწყოო. იგივე ხალხმა ხმა მისცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელშიც წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში“. რა გამოდის? თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, მაშინდელი ხელისუფლების (ანუ დღევანდელი ოპოზიციის) წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია? მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ (იხ. სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულება, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ როკის გვირაბი რუსეთის ჯარმა 8 აგვისტოს გადმოკვეთა. ასევე მინისტრების-თემურ იაკობაშვილის, გრიგოლ ვაშაძის სატელევიზიო გამოსვლები 7 აგვისტოს). დღევანდელ ხელისუფლებას ძველი და ახალი ნაცები პრორუსულობაში ადანაშაულებენ („რუსეთს არც ომს უცხადებენ, არც აგინებენ და მის საწინააღმდეგო სანქციებსაც კი არ უერთდებიანო“). თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა. პირიქით, 2009 წლიდან რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები. გამოაცხადეს, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო. ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ომიდან ერთ თვეში, კულტურის მინისტრი, რუს კოლეგას, მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეების მოწყობას სთავაზობდა. დღეს იგივეებმა ახალი თემა ააგორეს: ძალიან ბევრი რუსი ტურისტია შემოსული და ქართული ოცნების პრორუსული ხელისუფლება ამას არ ებრძვისო. ეს ის ხალხია, რომელთა ბელადი, მაშინდელი პრეზიდენტი, 2008 წლის წაგებული ომის შემდეგ, რუს ტურისტებს საქართველოში ეპატიჟებოდა და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას. აუჩემებიათ, რუსულად საუბრობენ და თავხედურად იქცევიანო, თითქოს როცა ისინი ეხვეწებოდნენ რუს ტურისტებს მობრძანდითო, მაშინ ქართულად საუბრობდნენ და სხვანაირად იქცეოდნენ. უტიფარი და თავხედი არც რუსია მისაღები, არც უკრაინელი, არც თურქი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ქართველი, სათითაოდ ყველა მათგანს კანონიერი პასუხი უნდა გაეცეს. ამ თვისებების ეროვნებასთან გაიგივება ყოვლად მიუღებელია. ეს სხვებმა თუ არა, სახალხო დამცველმა მაინც უნდა იცოდეს და ახდენდეს სათანადო რეაგირებას. კიდევ ერთი საჯილდაო ქვა გახდა, პასუხი შეკითხვაზე: ვის უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა – დასავლეთს თუ რუსეთს? პასუხის მიხედვით ან რუსეთუმედ ითვლები, ან მედასავლეთედ. პასუხები სტანდარტულია, თუ ომი არ გინდა, მონა ხარ, ხოლო თუ გულში მჯიღს იცემ და ამბობ, რუსებთან მშვიდობას, ომი მირჩევნიაო – ვაჟკაცი. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე მოგვიწოდებენ, ერთ-ორი რუსი ტურისტი გავაგოროთ და რუსების „დუხი“ აღარ იქნება აქო. თუ ეს ქვეყანას ჭირდება, რატომ თვითონ არ აკეთებენ იგივეს? თუმცა, ოქრუაშვილმა უკვე “იომა” უკრაინაში, ეტყობა რუსები უკვე დაამარცხა და საკუთარი „პატრიოტობის“ დასამტკიცებლად ესეც კმარა. ოქრუაშვილს, ალბათ მართლა უნდა, რომ რუსი ტურისტების „დუხი“ აღარ იყოს საქართველოში და ის, რუსი ჯარისკაცების „დუხით“ შეიცვალოს. მაშინ კი ალბათ თავს გამოიდებს და რუსებთან “ბრძოლაში” გამოცდილების გამოყენებით სათითაოდ სულ კინწისკვრით გაყრის რუს ჯარისკაცებს საქართველოდან. 2008-შიც ხომ გვამშვიდებდნენ “უშიშრები,” ჟანგიანი რუსული ტანკები ვერაფერს დაგვაკლებენო. მართლა ვის ინტერესებშია საქართველოს ომში ჩართვა? უკრაინის ტრაგედიის საქართველოში გადმოტანა თუ არ გინდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებ, პატრიოტი ხარ თუ მოღალატე? ან იქნებ გიგი უგულავას „ბრძნული“ მიგნება უნდა გავიზიაროთ, არიქა, უკრაინა რუსეთს ომს უგებს, ბიძინა ეცდება გამარჯვებულებს „შეეტენოს“ და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათო. ხედავთ, რა „შორსმჭვრეტელია“ ძირძველი ნაცი პოლიტიკოსი? დავუშვათ დავიჯერეთ ასეთი „შორსმჭვრეტელობის“ პროგნოზი, რომ უკრაინა იმარჯვებს. დღეს მისი მოსახლეობის თითქმის 1/3 უკვე ლტოლვილია, ათიათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოსახლე დაღუპულია, ტერიტორიის თითქმის ¼ დაკარგულია, ანუ 603 ათასი კვ. კმ-დან რუსეთს დღეს ოკუპირებული აქვს დაახლოებით 140 ათასი კვ. კმ., ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2-ჯერ მეტი (კაი ბატონო, დავარქვათ „დროებით ოკუპირებული“, თუ ეს რაიმე შეღავათია). ამ საშინელებებმა საქართველოში 5-6 თვით რომ გადმოინაცვლოს, 3-მილიონიანი ქვეყნისგან რა დარჩება? ჩვენმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა, რომ მარტო გრძელი ენები, ლამაზი სიტყვები და გულზე მჯიღის ცემა, თაკო ჩარკვიანობა, გუბაზ სანიკიძეობა და სხვების წაქეზება არ არის პატრიოტიზმი და საქვეყნო საქმის რეალური კეთება. ყველა საქმე იზომება შედეგებით. ჩვენმა ხალხმა აფხაზეთის საშინელი ომიც გამოიარა, რომლის დაწყებიდან 30 წელი, რამდენიმე დღეში, 14 აგვისტოს სრულდება. ჩვენთვის იქიდან მოყოლებული ყველა ომის შედეგი, სამწუხაროდ, მწარე გამოდგა. არც ისეა საქმე, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს“, როგორც ზოგიერთებს უნდათ და ჰგონიათ. პირიქით, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და ყველაფერს ითვალისწინებს. ამბობენ, რომ დღეს ხალხის პოლიტიკური განვითარების დონე და კულტურა პოლიტიკოსების დონეზე მაღალიაო. ამიტომაც ვეღარ ატყუებენ ჩვენს გამოცდილ ხალხს „შორსმჭვრეტელი“ და „ტვინგაცხელებული“ პოლიტიკოსები, რადგან ვერაფრით ვერ შეუშვეს თავში ამ ვაი პატრიოტებმა, რომ „შეიძლება ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.“ იმასაც ამბობენ, „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარიაო“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები