მზია ხეთაგურის დაბადების დღე და ლექსი „საზღვარი“ (ანდერძი)

1945 წლის 14 მარტს დაიბადა მზია ხეთაგური – ქართველი მსახიობი, დრამატურგი, მეცნიერი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
სწავლობდა ცხინვალის ერთ-ერთ სკოლაში, შემდეგ კი თბილისის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა და სწავლა განაგრძო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. მუშაობდა ცხინვალის და ქუთაისის თეატრებში მსახიობად.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1968 წელს გაზეთ „საბჭოთა ოსეთში“, იმავე წელს დაიბეჭდა მისი ლექსები ჟურნალებში: „საქართველოს ქალი“ და „ცისკარი“. გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, მათ შორისაა: „საახალწლო ნაძვის ხე თებერვალში“, „ცისარტყელა ჩამომიგზავნეთ“, „ეთერშია გულახდილობა“, „სიყვარულის პირამიდები“, „კოცნის ანაბეჭდები“, „შეცდომებით სავსე რვეული“, „სიცოცხლე, როგორც დანაშაული“ „100 ლექსი” (2012), „ღამის დარაჯი“ (2016), „უფლების უფლება“ (2018)…
არის რამდენიმე დრამატურგიული ნაწარმოების ავტორი, ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც; თარგმნილი აქვს პიერ ბერანჟეს, მარინა ცვეტაევას, სერგეი ესენინის, ანდრეი ვოზნესენსკის, ბელა ახმადულინას და სხვათა პოეტური ქმნილებები.

ს ა ზ ღ ვ ა რ ი
(ანდერძი)
ჩემი ბავშვობის სასუფეველო! გულნატყვიარო,
ჩემო ცხინვალო!
ჩემო ოსებო და ქართველებო! ზღუდრის საყდარში
სანთლის ციალო!
ერთმანეთს ქვები რომ დავუშინეთ, – მტერი
ზეიმობს სახემცინარი!
თამარს მისტირის თამარნაშენი, მავთულხლართებში
ტყვეობს ცხინვალი!
დამასაფლავეთ ზედ იმ „საზღვარზე“,
ამ სიყვარულის უსაზღვროებით!
გულის ჭიშკარი მე ვერ ჩავრაზე აქ – ქართველების,
იქით – ოსების!
დამასაფლავეთ ფარდაახდილი, ზურგში მახვილით,
შორს გაფრენილით!
დამასაფლავეთ, როგორც სამხილი, როგორც მანდილი –
ძირს დაფენილი!
დამასაფლავეთ ნიშნად სირცხვილის, ნიშნად ლაჩრობის, ნიშნად მტრობისა!
დამასაფლავეთ, როგორც სიკვდილი,
თავლაფდასხმული ჩვენი ძმობისა!
დამასაფლავეთ, როგორც სინდისი, – სიმართლეს
თავი რომ ვერ არიდა,
დამასაფლავეთ, როგორც „სიმდი“ და, როგორც „ჩაკრულო“,
ან „ვარაიდა!’’
უსამართლობით გულშემზარავი – დაასაფლავეთ
თავად საზღვარი –
ჩვენი წარსულის უღვთოდ მპარავი, სისხლით და
ცრემლით გაუმაძღარი!
გულში დაჭრილი, სულით მღაფავით, ვერ გადავდივარ ძმებთან ალავერდს!
დაასაფლავეთ ჩემი საფლავიც და, ეს ლექსებიც
დაასაფლავეთ!

 

მზია ხეთაგური

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები