დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში – მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა

“შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს – არა იმდენად „საქართველოს კრიზისს” ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მოახლოებულ მინისტერიალზე წერს.

ექსპერტი წერს, რომ საქართველოს საკითხის განხილვა მაშინ, როცა ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ კრიზისს აწყდება, წარმოუდგენელია.

„ევროკავშირის 16 მარტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიერ „საქართველოს საკითხის” განხილვა მართლაც გარკვეულ პარადოქსს თუ არა, პოლიტიკურ შიზოფრენიას წააგავს. თუ მთლიანად ევროპის დღის წესრიგს შევხედავთ, დღეს ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ კრიზისს აწყდება: ომი უკრაინაში, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციული კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში, ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებში, ენერგეტიკული კატასტროფა, ბალკანეთზე მზარდი კრიზისი და თავად კავშირის შიგნით პოლიტიკური ფრაგმენტაციის ზრდა. ამ ფონზე ქვეყნის საკითხის განხილვა, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც არაა, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა და ევროპული უსაფრთხოებისთვის არანაირ პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მართლაც აჩენს კითხვებს ბრიუსელის დიპლომატიის პრიორიტეტებთან და მის პოლიტიკურ-ფსიქიატრიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუმცა, მაინც ჩავწვდეთ ბრიუსელის ლოგიკას, რომელშიც საქართველოს თემა რამდენიმე კონკრეტული მიზეზით შეიძლება გაჩენილიყო.

პირველ რიგში, საუბარია პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის – არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის, „ეფშტეინის ცივილიზაციისაგან” საკუთარი თაობების დაცვის, მედიისა და პოლიტიკური სისტემის შესახებ მიღებული კანონების გარშემო. ევროკომისია და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს „აშორებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებისთვის”. რეალურად კი, მათ აშინებს „ქართული პრეცედენტი”, როდესაც კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყანა აშკარად ატარებს სუვერენულ პოლიტიკას, რომელიც არ ემთხვევა ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს და ბევრი ევროპული პარტიისთვის საშიშ და მისაბაძ მაგალითად იქცევა.

არსებობს კიდევ უფრო პრაგმატული, გეოპოლიტიკური მოსაზრება – სამხრეთ კავკასიამ ბოლო წლებში მკვეთრად გაზარდა თავისი მნიშვნელობა ენერგეტიკული მარშრუტებისა და სატრანსპორტო კორიდორების გამო, რომლებიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიაზე გადის „შუა დერეფნის” მნიშვნელოვანი ელემენტები (რკინიგზები, მილსადენები და სატრანსპორტო მარშრუტები, ციფრულ-ტექნოლოგიური ხაზები), რომლებიც ევროკავშირს კასპიის რეგიონთან და ჩინეთთან აკავშირებს. ამიტომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა თბილისზე, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობები რთულდება. მინისტრების დონეზე განხილვა სწორედ ასეთი სიგნალია:

ევროკავშირს სურს გააგრძელოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ფორმირებაში. თუ ამ პროცესს უფრო რეალისტური, პრაგმატული, სახელმწიფოზე ორიენტირებული თვალსაზრისით შევხედავთ – აქ შეიძლება დავინახოთ დიდი პოლიტიკის კლასიკური ლოგიკა. ევროპული დიპლომატია იშვიათად მოქმედებს მხოლოდ მორალური ან სამართლებრივი არგუმენტებით – უფრო ხშირად საქმე ეხება პოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროცესებზე გავლენის შენარჩუნებას. ამიტომ შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს – არა იმდენად „საქართველოს კრიზისს” ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ, დაველოდოთ – თუმცა გადაჭარბებული ოპტიმიზმის გარეშე. კი ბატონო, აშკარა ანტიქართულმა ვექტორმა ძალა დაკარგა, თუმცა მაინც, მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის თვალში საქართველოს განხილვა წარმოადგენს პოლიტიკური ზეწოლის მორიგ ინსტრუმენტს და უკმაყოფილების სიგნალს. მაგრამ პარადოქსი ზუსტად იმაშია, რომ რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა. სწორედ ამიტომ მსგავსი „მინისტერიალური განხილვები” ხშირად მთავრდება არაფრისმომცემი დეკლარაციებითა და სამარცხვინო განცხადებებით – ხოლო პრაქტიკულ და რადიკალურ გადაწყვეტილებებამდე იშვიათად მიდის. ეშინიათ ჩვენი – ამასაც მოვესწარით” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები