საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა. 7-კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.
“პროგრამის დასრულება სექტორის ხელმძღვანელ პირებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ – პოლკოვნიკმა გიორგი გურეშიძემ მიულოცა:
„მესაზღვრეებო, გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დამთავრებას. თქვენ, სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საყრდენი ხართ. ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება უნდა იყოს კეთილსინდისიერი, კანონზე, ეთიკაზე, სამშობლოს და პროფესიის თავდადებაზე ორიენტირებული. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც დღე და ღამე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დგახართ სამშობლოს და კანონის სადარაჯოზე.“
სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა და სამი წარჩინებული მესაზღვრე დააჯილდოვა. კურსის დასრულების ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის უფროსი – გრიგოლ ვაშაყმაძე და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და პროფესიული საქმიანობის ეფექტურად შესრულებას ისახავს მიზნად,”- წერია ინფორმაციაში.