რა ვითარებაა ამჟამად ყარაბაღში, ესკალაციის რაიონში

მთიან ყარაბაღში, ლაჩინის მიმართულებით ვითარება ამჟამად მშვიდია, საბრძოლო მოქმედება შეჩერებულია, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin-ი.

ლაჩინის მიმართულებით ვითარება 3 აგვისტოს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “სომხურმა არალეგალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ – სადაც რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ინტენსიური იერიში მიიტანეს. ამის შედეგად, აზერბაიჯანელი სამხედრო, ანარ კაზიმოვი დაიღუპა. საპასუხოდ, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია „ანგარიშსწორება“ დაიწყო, რომლის დროს ყარაბაღში სომეხმა ბოევიკებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს. აზერბაიჯანის არმიამ აიღო გირკგიზის სიმაღლე, კონტროლი დამყარდა სარიბაბას სიმაღლეებსა და რიგ სხვაზე. ოპერაციის ფარგლებში, განადგურდა სომხური არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების რამდენიმე საბრძოლო პოზიცია, დაიღუპა და დაიჭრა ცოცხალი ძალა, განადგურდა რამდენიმე D-30 ჰაუბიცა, სამხედრო მანქანა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა”.

თვითგამოცხადებული არწახის ე.წ. რესპუბლიკის, ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც გარანტირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მიერ, „აზერბაიჯანის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის შესახებ“ აცხადებს. მათი ინფორმაციით, დაბომბვის დროს დაიღუპა ორი წვევამდელი, ხოლო 14-მა ჯარისკაცმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, „შეაფასოს აზერბაიჯანის ქმედებები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად“.

სომხეთში კი აცხადებენ, რომ ბოლო დროს ბაქო სტეფანაკერტზე ზეწოლას ახდენს და ითხოვს ლაჩინის დერეფნის შემოვლითი გზის გამოყენებას.

“ახლა კი ცდილობდნენ ამ საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას. 2020 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით, რომლითაც 44 -დღიანი ომი დასრულდა, ეს გზა 3 წელიწადში უნდა აშენებულიყო. აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი ნაწილის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით დაასრულა და მის გასწვრივ მოძრაობის გადამისამართებას ითხოვს, თუმცა მეორე მხარეს მოასფალტებული გზა არ არის. გარდა ამისა, ძველი გზა სომხურ სოფლებზე გადის, რომელთა მცხოვრებლებს სახლების დატოვება მოუწევთ”, – აღნიშნავენ სომხეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები