აქვთ თუ არა პატიმრებს ინტერნეტთან წვდომა – სამინისტროს განმარტება
სასჯელაღსრულებების დაწესებულებებში არც ერთ პატიმარს, რომლიც კომპიუტერებით სარგებლობს, ინტერნერთან წვდომა არ აქვს, – ამის შესახებ “კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კომპიუტერს ძირითად შემთხვევაში კალმისა და ფურცლის შემცვლელის ფუნქცია აქვს, ( განცხადებების წერისას, ასევე წიგნზე მუშაობისას და ა.შ )
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, ბრალდებულებმა ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, წინასასამართლო სხდომაზე გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილი გამოთქვეს.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას ჩამორთვეს კომპიუტერი და ტელევიზორი, რომლებსაც თითქოს არ უბრუნებენ.
მერაბიშვილის მოთხოვნის საპასუხოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება გაავრცელა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წლის 8 ივლისს, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია დისციპლინა, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დაეკისრა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, კერძოდ, 4 თვით (მაქსიმალური ვადაა 6 თვე) შეეზღუდა ნებადართული ნივთებით: კომპიუტერითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება.
უწყების ცნობითვე, მერაბიშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნული დისციპლინური სახდელი გაასაჩივრეს, რის შემდეგაც, მოსამართლის განჩინებით, მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებით მიეცა კომპიუტერით სარგებლობის უფლება. აღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ შეასრულა და მას დროებით გადაეცა კომპიუტერი.
ვანო მერაბიშვილისთვის კომპიუტერის გადაცემის ფაქტმა საზოგადოების ნაწილში გააჩინა კითხვა, ხომ არ სარგებლობენ პატიმრები მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები ინტერნეტით.
რაც შეეხება გიგი უგულავას, სასჯელაღსურლების სამინისტროს ცნობითვე, პატიმარს დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება. ამისათვის საჭიროა დაწესებულების ადმინისტრაცია გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდეს მის ქცევას და შეისწავლოს ბრალდებული, ხოლო რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, სასჯელაღსურლების სამინისტროს ინფორმაციით, ამისათვის საჭიროა უგულავას უკვე ჰქონდეს მსჯავრდებულის სტატუსი და განესაზღვროს დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება, სადაც მას დირექტორის გადაწყვეტილებით, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს კომპიუტერით სარგებლობის უფლება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N97 ბრძანების მიხედვით, მაცივარი და გასანათებელი მოწყობილობა არ არის ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაშვებული ნივთების ჩამონათვალში, შესაბამისად, წარმოადგენს აკრძალულ ნივთებს.