შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხულისლამ ალაჰშუქიურ ფაშაზადეს შეხვდა.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციას საზოგადოებაში.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში დიალოგის ხელშეწყობა.