“მეორე ფრონტის გახსნაზე არაერთხელ იყო მსჯელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა, სახელმწიფოს დაშლა გამოიწვიოს” – შამბა
“ბრძოლა, რომელსაც ვაკვირდებით, არის არა რუსეთის ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ გლობალური ხასიათის ბრძოლა, ფაქტობრივად, მსოფლიო სისტემის გარდაქმნა”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ.
„მსოფლიო სისტემის დაშლის შემდეგ, სადაც აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ორი პოლუსი არსებობდა, იყო პერიოდი, როდესაც ერთი ქვეყანა გახდა დომინანტი – ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს ვლადიმერ პუტინი ასეთ სისტემას არღვევს. უკრაინაში შეტაკება არის მსოფლიოს მომავალზე რუსეთსა და ნატო-ს შორის ბრძოლა”, – თქვა მან.
როგორც შამბა ამბობს, “არაერთხელ იყო დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა შეეძლო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად თავს იკავებს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ქართული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვიოს. ამავდროულად, აფხაზურმა მხარემ ყველა შესაძლო სცენარი უნდა განჭვრიტოს”.
„ბოლო დროს პრეზიდენტი და ჩვენი სამხედრო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მდინარე ენგურის გასწვრივ და ზღვით ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებას. ის ფაქტი, რომ რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთის საზღვაო ძალების კონტრადმირალი, მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთის წყლის საზღვრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – აღნიშნა შამბამ.