Sky news: დაუნინგ სთრითმა ჯონსონის შესაძლო გადადგომისთვის განცხადების მომზადება დაიწყო
დაუნინგ სთრითმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის შესაძლო გადადგომის შემთხვევისთვის განცხადების მომზადება დაიწყო.
ამის შესახებ Sky News-სთვის გახდა ცნობილი.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ ჯონსონის ოფისისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა ის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას. თუმცა, ის ფაქტი, რომ ოფისის თანამშრომლებმა განცხადების მომზადება დაიწყეს, მიანიშნებს იმაზე, რომ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯონსონის მინისტრთა კაბინეტი კიდევ ერთმა, მეოთხე მინისტრმა დატოვა.
Sky News-ის ცნობით, 7 ივლისის მდგომარეობით, თანამდებობები სულ 50-მა მაღალჩინოსანმა დატოვა. ყველა მათგანი ჯონსონის გადადგომას ითხოვს, პრემიერი კი ამ დრომდე უარს აცხადებს.
კონსერვატიული პარტიის უკმაყოფილების მიზეზი საპარლამენტო ორგანიზატორის ყოფილ მოადგილე კრის პინჩერთან დაკავშირებული სკანდალი გახდა, რომელსაც ბრალად ორი კოლეგის შევიწროება ედება. ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა და, შესაბამისად, მხარი დაუჭირა 2022 წელს პინჩერის ხელახლა დანიშვნას, თუმცა, მოგვიანებით, ჯონსონი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეს ასე არ იყო.