„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საზეიმოდ დაიხურა

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმოდ დაიხურა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.

მათივე ცნობით, კახა კალაძემ ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ პროექტებს მომავალშიც წაახალისებს.

„სასიამოვნოა, რომ ფესტივალში საქართველოს 34 უნივერსიტეტის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ იცით, რომ 2022 წელი ევროკავშირმა ახალგაზრდების წლად გამოაცხადა. შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიების სლოგანია  – „ახალგაზრდები ევროპისკენ“. რა თქმა უნდა, ევროპა არის ის მთავარი, რომლის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული თითოეული ჩვენგანი. ჩვენი მისწრაფება, ყოველდღიური ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა, გისურვოთ წარმატებები. იყავით დარწმუნებული, რომ დედაქალაქის მერია, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ საინტერესო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. იაქტიურეთ, წარმოადგინეთ სხვადასხვა პროექტი, რომლის განხორციელებასაც ერთად შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ და კულტურის მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები გამოვლინდნენ. ასევე, გაიმართა ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სპორტის 15 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 34  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად ტარდება. მისი  მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები