ვახტანგ ძაბირაძე: მოთხოვნებია არასწორი, თორემ ევროპაში ინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციის გამართვა ძალიან კარგია
“რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, სწორედ ამას ვამბობ, რომ მოთხოვნებია არასწორი, თორემ ევროპაში ინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციის გამართვა ძალიან კარგია. მეც მაინტერესებს, ხელისუფლება ამ მოთხოვნებს რომ არ შეასრულებს, რას აპირებენ? პარლამენტში აპირებენ შევარდნას? ეს კატასტროფული იქნება და არც არაფერს მოიტანს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის პრობლემა ორ ბანაკად გაყოფილი ოპოზიციის ელექტორატია, რომლის დიდი ნაწილისთვის როგორც “ქართული ოცნება”, ისე “ნაცმოძრაობა” – მიუღებელია.
“იმიჯზე ლაპარაკი უკვე კომიკურ სახეს იძენს, რაც მიშელის დოკუმენტიდან მოყოლებული რა პროცესებიც ვითარდება ამ ქვეყანაში. რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმას, რაც საელჩოში მოხდა. ვარაუდი შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ, როდესაც თანამდებობის პირი ხარ, თმენის ვალდებულებაც გაქვს და ანგარიში უნდა გაუწიო, რომ საელჩოში ხარ. წერეთელს რაც უნდა ეთქვა, ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს. მთავარი კი ის არის, რომ არც ერთი მხარე არ არის მზად დიალოგისთვის, არათუ პოლარიზაციის შესამცირებლად. როგორც ჩანს, ეს არც ერთს არ აძლევს ხელს. სანამ ეს მოხდებოდა, ხომ ვნახეთ, რაც ხდებოდა ქუჩებში. გამახსენდა, – 1989 წლის თებერვალში ეროვნული მოძრაობა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაარბია არა პოლიციამ, არამედ უნივერსიტეტის კომკავშირელთა დიდმა ჯგუფმა. მაშინ რომ დაიწყო ხელისუფლებამ ამ მეთოდის გამოყენება, დღემდე ყველა ხელისუფლება იყენებდა და იყენებს. მაგალითია რეგიონებში შეხლა-შემოხლა “ოცნების” აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ეს ხომ ჩვენთვის ახალი არ არის, ყველა ხელისუფლება იმავეს აკეთებს, როცა გავლენას კარგავს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. როდესაც ქვეყანაში არ იცვლება არც სტრუქტურული მიდგომები, არ ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ირღვევა ადამიანის უფლებები და ყველაფერი მიმართულია ძალაუფლების მონოპოლიზაციისკენ, ლოგიკურია ასეთი შედეგი. სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება, ასე მარტივად არ დასრულდება და მუდმივად არასტაბილურ ვითარებაში ვიქნებით. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია უფრო გონივრულად იმუშავებს და არ გაიმეორებს შეცდომებს.
სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დატოვება ნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაჯგუფება დაიწყო. როგორც ჩანს, ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს სამეული დამოუკიდებელია და მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით მოქმედებს, ძალიან სასაცილოა. ბუნებრივია, “ქართულ ოცნებას” სჭირდება რაღაც ახალი მიდგომა, რადგან არ სურს თავი დაანებონ ნარატივს, რომ ოპოზიცია და ჩვენი პარტნიორები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ და ასე შემდეგ… არ სურთ პოლარიზაციის შემცირება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მიღებულია დოკუმენტი, ხელისუფლება ვეღარ იქნება ისეთი რადიკალური, როგორიც აქამდე იყო. ამიტომ ეს მიმართულება რომ შეენარჩუნებინათ, გამონახეს სამი კაცი, რომლებიც კატეგორიულ განცხადებებს გააკეთებენ. სამივე, ასე ვთქვათ, “ქართული ოცნების” რადიკალური ნაწილი იქნება და “ქართულ ოცნებას” არაფერი დაჰბრალდება. ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი გამოეყვნენ პარტიას, ძალიან სასაცილოა. შესაძლოა ამ სამი პირის განცხადებებმა ისეთი გავლენა არ მოახდინოს, როგორიც ექნებოდა, თუკი “ოცნება” ამაზე ილაპარაკებდა, მაგრამ, სულ გაჩუმებაც არ უნდათ. საქმე ის არის, ძველებურად ვეღარ ილაპარაკებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ეს დოკუმენტი მიიღო და 20 და 24 ივნისის აქციაზე მათი მხარდამჭერებიც იყვნენ. “ოცნება” მიხვდა, თუ ისევ ისე გააგრძელებს, მაშინ ამ მხარდამჭერებსაც დაკარგავს და ამიტომ დანარჩენი მცირე კატეგორიისთვის ეს სამეული საკმარისად ჩათვალა. მათი განცხადებები იქონიებს გავლენას და ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინაში ომზეც, რადგან სანამ არ დასრულდება, მუდმივად იქნება იმის განცდა, შესაძლოა აქაც დაიწყოსო. ამაზეა ეს გათვლილი, არ უნდათ ამ კატეგორიის დაკარგვა. პოლიტიკურად “ქართული ოცნება” დასრულდა და ახლა დგას საკითხი, როგორ მოხდება მისი ჩანაცვლება – რბილად, ჭკვიანურად, ოპოზიციის მიერ გათვლილად თუ იმით, რითაც იმუქრებიან… იმის თქმა, რომ ხელისუფლებას ვაიძულებთ არჩევნები ხვალ-ზეგ ჩაატაროსო, აბსურდია. ასეთი შეცდომები ყველა წინა ოპოზიციამ დაუშვა და ყოველთვის ლამის ომის ზღვარზე მივედით, ამიტომ ახლა ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, სწორედ ამას ვამბობ, რომ მოთხოვნებია არასწორი, თორემ ევროპაში ინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციის გამართვა ძალიან კარგია. მეც მაინტერესებს, ხელისუფლება ამ მოთხოვნებს რომ არ შეასრულებს, რას აპირებენ? პარლამენტში აპირებენ შევარდნას? ეს კატასტროფული იქნება და არც არაფერს მოიტანს, 2003 წლის გადმოტანა არასწორია. მაშინ სხვა ვითარება იყო და ახლა თუ ეს ვინმეს თავში უტრიალებს, ეს იქნება რუსული სცენარი და მეტი არაფერი… ხელისუფლების 12-პუნქტიანი გეგმა კი იმის დემონსტრირებაა – აი, ჩვენ დეპოლარიზაცია გვსურსო და ამისთვის რაღაცასაც აკეთებენ. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ იმ სამეულის გამოყოფაც. თუმცა არა მგონია, ეს საკმარისი იყოს. რეალური დეპოლარიზაცია მხოლოდ სიტყვებში კი არ გამოიხატება, არამედ ქმედებებშიც. არადა, ხომ ვხედავთ დღეს “ქართული ოცნება” რას აკეთებს, მაგალითად, რეგიონებში. ამას აკეთებდა “ნაცმოძრაობაც”, რაც საზოგადოებამ ყოველთვის უნდა შეახსენოს, რადგან ხიფათი იმისა, რომ ჩავანაცვლოთ “ოცნება” და კიდევ ერთხელ წავიდეთ ამ მოჯადოებულ წრეზე, ისევ არსებობს.
შეხსენება არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამაც იგივე გააკეთოს, თანაც, ვინც მოდის, უნდა იცოდეს, რომ ამას არავინ შეარჩენს. ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, მაინცდამაინც “ოცნება” ჩამოვაშოროთ, არამედ ის, რომ პოლიტიკური გარემო შეიქმნას ისეთი, რომ ამ ჭაობს თავი დავაღწიოთ. წარსულის კი არა, მომავლის გვეშინია და ეს არის პრობლემა. დღეს ოპოზიციის პრობლემა სწორედ ორ ბანაკად გაყოფილი ოპოზიციის ელექტორატია, რომლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია როგორც “ქართული ოცნება”, ასევე “ნაცმოძრაობა”. ეს არის დღეს ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ინარჩუნებს”, – განაცხადა ძაბირაძემ.