„ჩემს ნახატს ხშირად საყვარელ ადამიანს უგზავნიან საჩუქრად“ – არქიტექტორი, ნახატების სერია სიყვარულზე და პროფესია, რომელიც ჰობია

ხატვის სიყვარულმა სამხატვრო აკადემიის კართან მიიყვანა, არქიტექტურის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.  წლებია რქიტექტორად მუშაობს, ასევე დააინტერესა სხვა პროფესიამაც.  სწავლობდაღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
ხატვა აქტიურად პანდემიის დროს დაიწყო. ამბობს, რომ  უყვარს დადებითი ემოციები, ნახატმა დადებითი ემოციით უნდა დამუხტოს ადამიანი.
შარშან და წელსაც მიწვეული იყო  ციფრულ გამოფენაში week of art”, სადაც მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურეს.  პერსონალური გამოფენის მომზადებაზეც ფიქრობს. – იზა წურიაშვილის პერსონა.

– ბავშვობა ბებიასთან სოფელში გავატარე, ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც შუქი არ იყო და არც – ბევრი სათამაშო, ჩემი  ძირითადი გასართობი ფერადი ფანქრები იყო, ალბათ აქედან შემიყვარდა ხატვა.
სამხატვრო აკადემიაში  არქიტექტურის რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარეთ… როგორი სტუდენტობა გქონდათ?
– ძალიან მიყვარდა ხელოვნების სფერო, ამიტომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე,
ვამაყობ, რომ ჩემი რექტორი  ბატონი გია ბუღაძე იყო, რომლის ყველა ნახატი მართლაც შედევრია,   არაერთხელ მივიღე მისგან შექება და ეს დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის.
სტუდენტობის პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, ხშირად დავყავდით ლექტორებს სხვადასხვა ძეგლის სანახავად, ქართული ძეგლები მართლაც უნიკალურია და თითოეული მათგანი დიდ ისტორიას ინახავს .
  მუშაობ არქიტექტორად, ასევე დააინტერესა სხვა პროფესიამაც,   სწავლობდი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე… როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და თქვენს ძირითად პროფესიას? რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?
– მართალია, არქიტექტორად ვმუშაობდი, დამაინტერესა  სხვა სფერომ და გადავწყვიტე, მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე მესწავლა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ბევრ სხვადასხვა სფეროს: ფინანსებს, ეკონომიკას, მარკეტინგს, მენეჯმენტს….
ყველა პროფესია და მიღებული ცოდნა ადგება ადამიანს ცხოვრების გზაზე, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ახლა ჩემს ძირითად დროს ვუთმობ ხატვას, ადამიანებს მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა, რომ აქ უფრო მეტი მეკეთებინა.
–  ხატვა აქტიურად პანდემიის დროს დაიწყეთ… როგორც ვიცი, იასამნები დახატეთ… პანდემიის დროს ალბათ ბევრი სურათი დახატეთ…
– ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია ჩემი ნახატის გაყიდვაზე. პანდემიის პერიოდში,  როცა მომიწია სახლში მეტი დროის გატარება, სახლისთვის დავხატე „იასამნები“, მეგობარმა მითხრა, ნახატები ერთ-ერთ გვერდზე გამეთავსებინა, ასეც მოვიქეცი და უამრავი მოწონება და გამოხმაურება მიიღო ჩემმა  ნახატმა. მეკითხებოდნენ, რა კარგია, ხომ არ იყიდებაო, ერთ-ერთმა ქალბატონმა შეიძინა.
შემდეგ „მზესუმზირების მდელო“ დავხატე, რომელიც ერთმა გერმანელმა მხატვარმა შეიძინა.
– თქვენი ნახატები ფერებით მეტყველია… ბალერინები, ანგელოზები, ბავშვები, მზესუმზირები,  გვირილები, ტიტები… ყველაფერი ლამაზი და ბედნიერია…  როგორ არჩევთ დასახატ საგანს? რა გკარნახობთ თემას?
– მიყვარს დადებითი ემოციები, ნახატმა, ვფიქრობ, დადებითი ემოციით უნდა დაგმუხტოს, თან ახლა ეს ყველას სჭირდება, როცა ამდენი ნეგატიური ინფორმაციაა ჩვენ ირგვლივ, ყოველთვის ვიყენებ თბილ ფერებს, რადგან ისინი სასიამოვნო განწყობას ქმნის, სიუჟეტებსაც დადებითს ვარჩევ: სიყვარულის თემა, ანგელოზები,  ბალერინები, ბუნება, ცხოველები, დედაშვილობა…
–  თქვენი გვერდი Art Iza  პოპულარულია. მაინც რომელ ნახატებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნილება?
– ჩემი შემოქმედება ხალხმა ძალიან შეიყვარა, ზოგმა უკვე ჩემი რამდენიმე ნახატი შეიძინა.  დიდი მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ მათგანს დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, თითოეულის დადებითი შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.
ქალბატონებს მოსწონთ სიყვარულის თემა. ამიტომ შევქმენი ნახატების სერია სიყვარულზე, რომელსაც ჰქვია „ჩახუტება“,  ასევე მოსწონთ ყვავილები და ბუნების პეიზაჟები. მამაკაცები უპირატესობას ცხოველებს და  ზღვის პეიზაჟებს ანიჭებენ.
ხშირად მიკავშირდებიან ემიგრანტები საზღვარგარეთიდან და თავიანთ ახლობლებს ასაჩუქრებენ ჩემი ნახატებით.

როგორც აღვნიშნე, ხშირად მიკვეთავენ სასაჩუქრედ ნახატებს, ზოგი ჩამოყალიბებული არ არის, რომელი ნახატი აჩუქოს და ვეხმარები ნახატის შერჩევაში, უფრო ხშირად ნახატს საყვარელ ადამიანს უგზავნიან საჩუქრად და ეს ძალიან მახარებს – ჩემი ნახატი მათი სამახსოვრო საჩუქარი რომ არის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იკავებს მათ გულებში.
– ქველმოქმედიც ხართ, მაგრამ არ გიყვართ ლაპარაკი…
– ამას პირველად თქვენთან ვამბობ. პირველი ნახატი მაშინ გავყიდე, როცა ქუჩაში ძალიან საწყალი მოხუცი დავინახე, ფულს მათხოვრობდა, პანდემიის პერიოდი იყო და იმის მაგივრად, რომ სახლში ყოფილიყო, რათა თავი გადაერჩინა, გაჭირვებამ გარეთ გამოიყვანა, თუმცა იცოდა, შეიძლება დაღუპულიყო. ამაზე ფიქრმა ძალიან შემაწუხა და რომ არ ვიცოდი, რა მექნა, ავდექი და სულ 3-4 ნახატი მქონდა მაშინ დახატული,  სოციალურ ქსელში  განვათავსე და იმ დღესვე გაიყიდა.
ფული სრულად მივეცი მოხუც ქალბატონს. მას მერე იგი იქ აღარ მინახავს.
 ჰობი…
– ჩემი პროფესია ჩემი ჰობია, უზომოდ მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მიყვარს ბუნება, მუსიკა და ყველაფერი ის, რაც სილამაზესთან ასოცირდება.
ოჯახი…
– დაოჯახებული არ ვარ, ალბათ ამიტომაც მაქვს დრო, ვაკეთო  უფრო მეტი საქმე ჩემს სფეროში.
გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– შარშან და წელსაც მიწვეული ვიყავი ციფრულ გამოფენაში „week of art”, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნახატმა.
გამოფენა დიდი ხანია მინდა, მაგრამ რომ დავხატავ,  თითქმის ყველა ნახატი მაშინვე  იყიდება.
სამომავლო გეგმები – ბევრი ლამაზი ნახატის შექმნა  და ბევრი ადამიანის გახარება ჩემი შემოქმედებით.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები