გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა სარეკორდოა იმ ბაზრებზე, სადაც ადრე ჩვენი პროდუქციის თვალსაჩინო წარმომადგენლობა არ გვქონდა
ექსპორტის ზრდა სარეკორდოა იმ ბაზრებზე, სადაც ადრე ჩვენი პროდუქციის თვალსაჩინო წარმომადგენლობა არ გვქონდა, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ექსპორტის გეოგრაფიული არეალი გაზრდილია.
„ვნახოთ, რა ხდება მაისში, როგორია დინამიკა: ჯერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება, ვთქვათ, როგორია ექსპორტის, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი. ექსპორტი ეკონომიკურ ზრდაში კონტრიბუტორია. მაისში ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, 63%-ითაა გაზრდილი. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ ტენდენციიდან გამომდინარე, წელს ზრდა, ჩემი შეფასებით, საკმაოდ მაღალი იქნება, უფრო მაღალი ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზია. დღევანდელი მოცემულობით, ალბათ, 7,5 %.
პირველ ხუთ თვეში სავაჭრო ბრუნვა 37 % -ითაა გაზრდილი. მნიშვნელოვანია, როგორია ექსპორტის გეოგრაფია, ანუ უკრაინის ომიდან გამომდინარე რამდენად გადაეწყო ჩვენი ეკონომიკა. მართალია, ჩვენს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დღეს რუსეთი ერთ-ერთი წამყვანია, თუმცა, პირველ ადგილზე დღეს ჩინეთია. ანუ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად დაახლოებით 17 %-ით იზრდება. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის რუსეთი, შემდეგ კი – თურქეთი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპორტის ზრდა სარეკორდოა იმ ბაზრებზე, სადაც ადრე ჩვენი პროდუქციის თვალსაჩინო წარმომადგენლობა არ გვქონდა. სარეკორდოა ზრდა სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ში. რეგიონულ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში ექსპორტი საკმაოდ გაზრდილია.
გეტყვით ქვეყნების მიხედვით: 2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში: ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 37.8 -ით, აშშ-ში 175.2%-ით, პერუში 16-ჯერ მეტად, ბულგარეთში 84.9%-ით, თურქეთში 45.3%-ით, სომხეთში 53.2%-ით , აზერბაიჯანში 48.5%-ით, შვეიცარიაში 39.8%-ით.
რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას: რუსეთში ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 2.0 %-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ ჩვენს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ხუთეულშია. უკრაინაში, პირიქით, 28.6%-ითაა შემცირებული. ბოლო წლებში რუსეთი და უკრაინა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის წამყვანი ქვეყნები იყვნენ. ეს ექსპორტსაც ეხება და იმპორტსაც.
ჩვენ ვხედავთ, რომ გეოგრაფიული არეალი გაზრდილია. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, აზიის, რეგიონის და ამერიკის ქვეყნებში. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა უკრაინის ომის მოცემულობიდან გამომდინარე გადაწყობას ახდენს. ომმა, ბუნებრივია, უკრაინასთანაც და რუსეთთანაც სავაჭრო ბრუნვის ნაკადები შეამცირა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.