უკრაინის მთავრობაში, რუსეთის სასარგებლოდ, ჯაშუშები გამოავლინეს
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე აგენტები გამოავლინა, რომელთა შორის იყვნენ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური პირები.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახური Telegram-ში იტყობინება.
კერძოდ, კიევში ჩატარებული მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს დეპარტამენტის უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი დირექტორატის ხელმძღვანელი დააკავეს.
„ეს ჩინოვნიკები მტერს სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემდნენ: თავდაცვის მდგომარეობიდან დაწყებული, სახელმწიფო საზღვრის მოწყობისა და უკრაინელი სამართალდამცავების პერსონალური მონაცემების ჩათვლით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსი კურატორები მათ 2-დან 15 ათას დოლარამდე უხდიდნენ, რაც დამოკიდებული იყო საიდუმლოების დონესა და შეგროვებული მონაცემების მნიშვნელობაზე.
დაკავებულები სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილი.