ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს აფხაზური ენის სახელმძღვანელო შეემატა
ეროვნული ბიბლიოთეკის სარეზერვო-გაცვლითმა ფონდმა ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცემა, აფხაზური ენის სახელმძღვანელო გადასცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 1924 წელს დაბეჭდილი ეს სახელმძღვანელო მესამე შევსებული გამოცემაა. წიგნის შემდგენელმა აფხაზური ენის შემსწავლელებს დასურათებული სახელმძღვანელო შესთავაზა, რომელიც, სავარაუდოდ, დაწყებით სკოლაში გამოიყენებოდა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის უმთავრესი ფუნქცია ეროვნული ბიბლიოგრაფიის შენახვა და დაცვაა. აფხაზური ლიტერატურა კი ამ ბიბლიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია. ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში აფხაზური ლიტერატურისა და პერიოდული გამოცემების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფონდი ინახება. მათ შორისაა აფხაზური ენის სახელმძღვანელოები, რომლებიც ამ ენის განვითარების ეტაპების შესახებ მეტად საინტერესო და უტყუარ ინფორმაციას შეიცავს.
ეროვნული ბიბლიოთეკა მუდმივად მუშაობს ეროვნული ბიბლიოგრაფიის შევსებასა და დამუშავებაზე.