სად აღმოაჩინეს მეცნიერებმა მაიმუნების ახალი სახეობა?

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეცნიერებმა აქამდე უცნობი მაიმუნების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, — ამის შესახებ *The Washington Post* წერს.

ახალ სახეობას „Colobus congoensis“, ანუ ლიკველი (Likweli) ეწოდა. ეს მაიმუნები გამოირჩევიან შავი ბეწვით, პირის გარშემო ვარდისფერ-ნარინჯისფერი შეფერილობით და დაბალი, ძლიერი ღრიალის მსგავსი ხმით.

მეცნიერების შეფასებით, ლიკველის წონა დაახლოებით 7 კილოგრამია, ხოლო კუდის ჩათვლით მისი სიგრძე 1,2 მეტრს აღწევს.

ცხოველები პირველად ჯერ კიდევ  2008 წელს შენიშნეს, თუმცა ახალი სახეობის არსებობის დადასტურებას მრავალწლიანი კვლევა დასჭირდა. 2018 წელს დაიწყო სპეციალური პროექტი კონგოს ტროპიკულ ტყეებში ამ სახეობის შესასწავლად. ოთხი წლის განმავლობაში მკვლევრებმა 114 დაკვირვება ჩაატარეს, ჯუნგლებში 1,7 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი გამოიკვლიეს და გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ლიკველი მის უახლოეს ნათესავ სახეობას დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ გამოეყო.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს — კონგოს უზარმაზარ ტროპიკულ ტყეებში დღემდე შეიძლება იმალებოდეს მეცნიერებისთვის უცნობი სახეობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები