“რომ არა ჩვენი სწორი პოზიციონირება – ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე გვეთქვა, აშშ-სთან დღევანდელი ურთიერთობის დასაწყისი არ იქნებოდა” – მაჭარაშვილი

“შემიძლია, თამამად გითხრათ – რომ არა ჩვენი სწორი პოზიციონირება, ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე გვეთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღევანდელი ურთიერთობის დასაწყისი არ იქნებოდა, რადგან დაგინახავდნენ, რომ არ გაქვს ღირსება და რასაც გეუბნებიან ყველაფერს აკეთებ – სუვერენიტეტს ჩააბარებ, ომს დაიწყებ და ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას განავითარებ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის, აშშ-თან ურთიერთობები ეტაპობრივად გაგრძელდეს.

„ის ფაქტი, რომ ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია ცდილობს და ჩვენც, რა თქმა უნდა, მზაობა გვაქვს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს, დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ როგორ დავიცავდით ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი, რომ გვინდა, ამას ყველას ვეუბნებით. იყო ბაიდენის, წინა ადმინისტრაციაში პრობლემა, რომ როგორც სუვერენულ ქვეყანას არ აღგვიქვამდნენ. ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ ურთიერთობები გაგრძელდეს და თან ეტაპობრივად.

ჩვენ არც დროშებს ვაფრიალებთ და არც ფანტაზიებში ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით დიდ ქვეყანას, თავისი ინტერესი აქვს. ჩვენც ჩვენი ინტერესი გვაქვს და როგორც კი ეს ინტერესები პოზიტიურად გადაიკვეთება, ის შედეგი იქნება, რაც დღეს ამერიკას და საქართველოს შორის ხდება.

ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ისეთი ჩანდა, რომ პოლიტიკა და ინტერესები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდებოდა. ვნახეთ, რომ თავად რუბიმაც განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში ბაიდენის ადმინისტრაციისგან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ეს დრო აუცილებლად მოვა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, რასაც საზოგადოება ხედავს“, – თქვა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები