ვახტანგ ძაბირაძე: არ არის გამორიცხული, საქართველო ისევ აღმოჩნდეს დიდი მოთამაშეების გარიგების საგანი

“ბოლომდე მქონდა იმედი, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ერთ პაკეტში მოვხვდებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა სხვაგვარად გადაწყვიტა”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ევროკავშირის წევრობაზე სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საქართველო ისევ აღმოჩნდეს დიდი მოთამაშეების გარიგების საგანი.

“იმედია, დასავლეთი აცნობიერებს, რა ტიპის პრობლემები დადგება ჩვენ წინაშე. კაცმა არ იცის, ამ გადაწყვეტილებას როგორ გაიგებს ჩვენი მეზობელი რუსეთი. შემაშფოთებლად მომეჩვენა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ხოლო საქართველო “გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”. მაკრონი უკრაინასთანაც ცდილობდა მოლაპარაკებას, რომ დაეთმო ტერიტორიის ნაწილი, რომ რუსეთი ღირსეულად გამოსულიყო ამ დაპირისპირებიდან. უკრაინამ არაფერი დათმო. საინტერესოა, საქართველოთი ხომ არ მოხდა ჩანაცვლება? არ არის გამორიცხული საქართველო ისევ აღმოჩნდეს დიდი მოთამაშეების გარიგების საგანი. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, რომ მარცხის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვის დამშვიდებას საქართველოს დათმობით შეეცდებოდა. ძალიან ცუდად მენიშნა საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთ კონტექსტში მოხსენიებაც. წესით, ჩვენს ხელისუფლებას გაორმაგებული ძალისხმევით უნდა ემუშავა იმისთვის, რომ ტრიოდან არ ამოვვარდნილიყავით. გამაოცა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ევროკავშირისკენ ხელისუფლების წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ჩვენთვის დიდი მიღწევააო. მაშინვე სააკაშვილი გამახსენდა, რომ გვეუბნებოდა, მაპ-ი არა, მაპ-ზე უკეთესი მოგვცესო. საოცარი ქვეყანა გვაქვს – არაადეკვატური ხელისუფლებითა და უუნარო ოპოზიციით.

ამ ამბავში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრ საკითხზე ოპოზიციას ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც ხელისუფლებას. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ხელი არ მოაწერეს. ესე იგი, ოპოზიციას კი უნდა დასავლეთი, მაგრამ რაც თავად არ აწყობს, ის არ სურს. ოპოზიციურ პარტიებს ბევრ სხვა ნაკლოვანებასთან ერთად ის პრობლემაც აქვთ, რომ მათი ელექტორატის განწყობები ერთმანეთს არ ემთხვევა. დღეს ოპოზიციონერი ამომრჩეველი მთლიანი ამომრჩევლის თითქმის 2/3-ია. ეს მართლაც არ არის ცოტა, მაგრამ ამ 2/3-ის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა”. აი, ამის გააზრება სჭირდება ოპოზიციას. მიუხედავად რთული ვითარებისა, თუ საქმე საქმეზე მიდგება, იმ 2/3-ის ნაწილი არჩევანს ისევ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთებს. შესაბამისად, ოპოზიციას ახლა გაცილებით მეტი გონიერება მართებს, ვიდრე 2012 წელს. ლიდერები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც ცრუმოლოდინს ქმნიან. ვერ იაზრებენ, რომ დღევანდელ ვითარებაში რადიკალიზმი და არასტაბილურობა ხელს უწყობს “ოცნებას. ხალხს არასტაბილურობა აფრთხობს, უკრაინაში ომი შიშს ჰგვრის და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ემორჩილება. ოპოზიციას მშვიდი, გონივრული, მაგრამ პრინციპული პოზიცია სჭირდება. ამასთანავე, სჭირდება კონსოლიდაცია და სტრატეგიის გადახედვა. დღეს უკვე გაისმა, თუ 2023-2024 წლებში ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი (ძალიან დიდი ალბათობით, ვერ მივიღებთ), პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებასო. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ისედაც კარგად იცოდა, საითაც მიდიოდა საქმე. როდესაც ასეთ ძალასთან გაქვს საქმე, უფრო გონივრულად უნდა მოიქცე, ოპოზიცია კი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველს აშინებს. ამას ისიც ემატება, რომ ოპოზიციური მედია ოპოზიციას დათვურ სამსახურს უწევს. მიუმხრობელი ამომრჩევლისთვის ძალიან გამაღიზიანებელია ამგვარი აშკარა პროპაგანდა. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ გადაცემა მიუძღვნა იმას, რომ უმრავლესობაში 24 მილიონერია. დიახ, ეს ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ხალხმა ხომ იცის, რომ მილიონერები ოპოზიციაშიც არიან? არ შეიძლება ერთ მნიშვნელოვან პრობლემასაც რომ არ შევეხო – შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს ხელისუფლება და მოსახლეობა ერთმანეთს გაუუცხოვდა და როდესაც ამან კულმინაციას მიაღწია, ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ გადარჩენის საკითხი დადგა და უნდა ებრძოლა. დღეს რა მოხდა? ხალხი მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც გაუუცხოვდა, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი გახდა მიუღებელი. ეს ურთულესი პრობლემაა. თუ ოპოზიცია შეძლებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 2/3-ის მიმხრობას, ხელისუფლებას იოლად დაამარცხებს.

ცალკე პრობლემაა ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას ქმნიან. შეიძლება ამ ხალხის წინააღმდეგ შავმა პიარმა და ჭორებმა იმუშავა, მაგრამ პოლიტიკაში ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ ხარ რეალურად, არამედ ის, თუ როგორ აღგიქვამს ამომრჩეველი. თუ ნეგატიურად გიყურებს, ანგელოზიც რომ იყო, წააგებ არჩევნებს. ასეთი ცდა იყო, როცა გახარია გამოეყო მმართველ გუნდს. ის სწორად წარმართავს თავის პოლიტიკას, თუმცა ბოლო დროს შეცდომა დაუშვა, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდა და ევროკავშირისკენ სწრაფვა არ დააფიქსირა. სიმართლე რომ ვთქვათ, ის ხალხი, რომელიც შეიძლებოდა “ქართულ ოცნებას” გამიჯვნოდა და შემდეგ დაჰპირისპირებოდა, ხელისუფლებაში დღის წესრიგს ქმნის. სააკაშვილი და ჟვანია შევარდნაძის ხელისუფლებას იმიტომ გამოეყვნენ, რომ ძალაუფლების ხელში აღება ვერ შეძლეს. დღეს კობახიძე და ღარიბაშვილი ვის უნდა გამოეყონ, ძალაუფლება მათ ხელშია. მართალია, ეს ძალაუფლება არაერთპიროვნულია, მაგრამ ეს აკმაყოფილებთ. შესაბამისად, მმართველ გუნდში რღვევას არა, მაგრამ მოულოდნელობებს ნამდვილად ველოდები ივანიშვილისგან.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ივანიშვილი ახალ ოპოზიციას შეკრავს თუ არა – არა, უფრო მგონია, გადანაცვლებას დაიწყებს. როცა დაინახავს, რომ მმართველ გუნდს ნეგატივი ძალიან დაუგროვდა, ამ გუნდს გვერდზე გასწევს და ახალს მოიყვანს. თუმცა არის ერთი პრობლემა – აქვს კი ივანიშვილს საკადრო რესურსი? შესაძლოა ამის გაკეთება დღესაც უნდა, მაგრამ რესურსი არა აქვს”,- განაცხადა რესპონდენტმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: “სხვათა შორის, მსგავსი აზრი გაჩნდა ოპოზიციასა და ექსპერტთა წრეებშიც. უკვე ითქვა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყველა პრობლემის ორ ირაკლიზე გადაბრალებით ივანიშვილის დაცვას ცდილობსო”. – ძაბირაძე პასუხობს:

“ვერაფერს გამორიცხავ, ქართული პოლიტიკა უსიერი ტყეა და ვერაფერს გაიგებ. კი, ეს აზრი ლოგიკურია, მაგრამ შედეგს მოიტანს? ეს არის საკითხავი. ამ შემთხვევაში პიროვნება კი არა, გაკეთებული საქმეა მნიშვნელოვანი. გააკეთებს ივანიშვილი იმას, რისი გაკეთებაც ახლა ასეთი მნიშვნელოვანია? არ ვიცი!”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები