პრეზიდენტი: ჩვენ არ დავიწყებთ ომს ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად, რადგან ჩვენ გვსურს ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გაერთიანება

ჩვენ ძალიან რთული ფაქტის წინაშე ვდგავართ. კერძოდ, გვყავს ძალიან ძლიერი მეზობელი, რომელსაც არ ესმის მეზობლობა, არც მეზობლური ურთიერთობები და რომელიც არ არის მზად დიალოგისთვის და დღემდე ფიქრობს, როგორც ამას უკრაინის ომი მოწმობს, რომ შეუძლია ძალის გამოყენება კონფლიქტების გადასაჭრელად ან საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არ დაიწყებს ომს ამ ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად, რადგან ჩვენი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გაერთიანებაა.

“ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მუდმივად ვხედავთ საზღვრის გადაწევის ფაქტებს, ტყვეების აყვანას. ვხედავთ სხვაგვარ საფრთხეებს, როგორებიცაა, მაგალითად, საუბარი რეფერენდუმზე, რომელმაც შესაძლოა ამ ტერიტორიების ანექსია გამოიწვიოს. ამას ვპასუხობთ იმ განცხადებით, რომ ჩვენ არ დავიწყებთ ომს ამ ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად, რადგან ჩვენ გვსურს ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გაერთიანება. ეს ძლიერი განაცხადია, რომელიც გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფიქრობდნენ და შიშობდნენ, რომ ჩვენ რუსეთი გამოგვიწვევდა და საქართველო ამ გარემოებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენებდა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რადგან გვსურს გაერთიანება მოსახლეობასთან და არ გვსურს ომი. ეს არის გზავნილი რუსეთისთვისაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები