„ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით მოვლენები ორი მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს“ – ზაალ კასრელიშვილი
რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით მოვლენები ორი მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს.
„მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება მოსკოვში, სადაც ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი სტატუსთან დაკავშირებით კრემლში შეხვედრებს აწარმოებს.
მოვლენები ორი მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს: ერთი მიმართულება ნახევრად ღია კარის პოლიტიკა გახლავთ, როცა კრემლი ცდილობს, ქართველებსა და ოსებს შორის დიალოგის შანსი და საშუალება დატოვოს. მეორე მიმართულებაა ცხინვალის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. პირველ მიმართულებას განვითარების 2 ვარიანტი აქვს: თუ კრემლი „გულწრფელია“ , ცხინვალსა და თბილისს შორის დიალოგი გაიმართოს, მაშინ ის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოოს. მეორე ვარიანტია ის, რომ შეიძლება, კრემლმა ეს პროცესი დროის გასაჭიმად გამოიყენოს. კავკასიის რეგიონში ილუზია შექმნას და დასავლეთს აჩვენოს, რომ ის მზადაა, დაკონსერვებული კონფლიქტები დიალოგის გზითაც მოაგვაროს და არა მარტო ომის სცენარი განავითაროს, როგორც უკრაინაში. სინამდვილეში კი ეს პროცესები გაწელოს, მანამ, სანამ უკრაინაში ომი დამთავრდება, უარეს შემთხვევაში მანამ, სანამ ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტია. ასე, რომ ჩვენთვის აქ ახალი არაფერია, ჩვენთვის ამ პროცესებში არაფერი შეცვლილა“- განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციები 14 ივნისს გაიმართებოდა.
აღინიშნა, რომ, გაგლოევის ხელმძღვანელობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა.
30 მაისს ალან გაგლოევმა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა, რომელიც რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობდა.
გაგლოევს ეს ნაბიჯი მოსკოვში მოუწონეს და აღნიშნეს, რომ შემდგომი კონსულტაციებისთვის მზად არიან.