ნიკა თუშაბრამიშვილი – ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს: თქვენ ახლა თქვენი პოზიციების აღდგენისთვის სამართლიანობის აღდგენის ეგიდით იბრძვით, მაგრამ სამართალი მარტო თქვენ რომ გაგიჭირდათ მხოლოდ მაშინ გაგახსენდათ?
არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების პროტესტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც არქეოლოგი აღნიშნავს, არაერთი კითხვა ჩნდება ამ პროტესტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ “სამართლიანობისთვის ბრძოლა” მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა პირადად მათ გაუჭირდათ.
“ორიოდე დღის წინ, 12 ივნისს, ვუსმინე „ფორმულაზე“ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ნიკოლოზ წიქრიძის გამოსვლას ქ-ნ ნინო დარასელთან, სტუდიაში.
ზოგად საკითხებთან დაკავშირებით პოლემიკაში ვერ შევალ, რადგან: 1. არ ვარ გარკვეული იმ დეტალებში, რაც მუზეუმის აქტიურმა თანამშრომლებმა დღეს ჩემზე უკეთ იციან; 2. ჩემი კონკრეტული ინტერესები, გარკვეულწილად, ირიბად, მაგრამ მაინც ეხმიანება ეროვნული მუზეუმის მენეჯმენტის პოლიტიკას.
ეს პოსტი იმითაა განპირობებული, რომ, ცოტა არ იყოს, უხეშად და უსამართლოდ მომეჩვენა ბ-ნი წიქარიძის მიერ გაჟღერებული ფრაზები, რომლებიც, დიდი ალბათობით, მე მეხებოდა.
შესაბამისად, იმისთვის, რომ მუზეუმელებისთვის და ზოგადად ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც დაინტერესეულია და გული სტკივა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული დაპირისპირებების გამო, ვეცდები უფრო დეტალურად ავხსნა ის ვითარება (რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის), რომელმაც გამოიწვია ჩემი, კონკრეტულად ჩემი გაღიზიანება და რისი ინტერპრეტაციაც მუზეუმის თანამშრომლების ერთ ნაწილში ჩემი რეალური პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია.
მე აქ მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრებ და თუ რატომ და როდიდან დაიწყო ჩემი, ერთი ადამიანის დისკრედიტაცია, მარგინალიზაცია და გნებავთ რეპრესია მუზეუმში? – პასუხი ამ კითხვებზე მკითხველისთვისა და საზოგადოებისთვის მომინდვია. თუ ჩემი არგუმენტები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველას დავანახო, თუ რამდენი უსამართლობა მომითმენია, როდის და რატომ ამოიწურა ჩემი თმენის რესურსი და როდის და რატომ გავაპროტესტე მუზეუმში არა მარტო კონკრეტულად ჩემ მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის წინა თაობისადმი არსებული დამოკიდბულება, მაშინ შემიძლია საჯარო სივრცეში (ტელევიზიაში) წარმოვადგინო ყველა ის მტკიცებულება, რომელთა საფუძველეზე ნეიტრალური ადამიანი ხმამაღლა დაეთანხმება ჩემს პოზიციას (დაინტერესებული მხარე, დარწმუნებული ვარ, ვერანაირ არგუმენტს ვერ წარმოადგენს და ჯიუტად, არგუმენტაციის გარეშე ეცდება საკუთარი პოზიციის დაცვას).
ისე კი, ალბათ ჯობდა ყველას, ვისაც რაიმე სახის პრეტენზია, ან უსიამოვნო განცდა აქვს ჩემი პოზიციის გამო, გადაემოწმებინა ჩემ მიერ გაჟღერებული შეხედულებები რუსთაველის ფონდის კონკურსში უკვე გამარჯვებულ პროექტებთან დაკავშირებით, მოესმინა კომისიის ერთადერთ სხდომაზე მონაწილების დროს ჩემ მიერ გამოთქმული შეხედულებები (კომისიის სხდომას, რომელიც რეალურად არაფერს წყვეტდა და ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენი აზრის მოსმენით ამოიწურებოდა, უამრავი ხალხი ესწრებოდა).
ზემოხსნებულ გადაცემაში ნიკოლოზ წიქარიძემ განაცხადა, რომ იგი 15 წელია მუზეუმში წარმატებულად მუშაობს და თითქოს „ვიღაც-ვიღაცები“ პლაგიატში სდებენ ბრალს.
ჩემი ძალიან დიდი ხნის (ათწლეულების) პროტესტი გამოიწვია სწორედ იმ დამოკიდებულებამ, რომელიც სწორედ „ვიღაც-ვიღაც(ებ)ის“ მიერ ინიცირებული გახლდათ. დიდი ხანია მიმდინარეობდა მამაჩემის კვლევებისა და შედეგების, აგრეთვე, ჩემი პროექტების დაბლოკვა, შეჩერება და შემდეგ, სხავასადასხვა მიზეზით, მათ შორის, პირადი წყენების გამო ჩემ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რასაც მოჰყვა გაშლილი ფრონტით ჩემი მარგინალიზაცია, შემდეგში უკვე ობსტრუქცია (რაც, რასაკვირველია, განხორციელდა ყველანაირი პიარის უდიდესი სპეციალიტის ინიციატივითა და წაქეზებით, საუკეთესო შემთხვევაში, ჩუმი თანხმობით).
ყველაზე უსიამოვნო ფაქტი კი ის არის, რომ ადამიანების წაქეზება ჩემ წინააღმდეგ დაიწყეს სწორედ მათ, ვინც გაჭირვებულ მდგომარეობაში არასდროს მიმიტოვებია და ამ დაწესებულებაშიც ჩემი და ჩემი ოჯახის წყალობით აღმოჩდნენ (მათ შორის ისეთმაც, რომელიც ასევე პირადი წყენისა და პირადი ინტერესების გამო დადგა ჩრდილში სხვების ზურგს უკან, როგორც ძალიან ჩაგრული და უტყვი და „გუნდის“ ყველაზე აგრესიული ადამიანები ჩართო „საქმის გასარჩევად“ ქუჩური წესებით („ტიპები“ რომ „აჰყავთ“ ხოლმე საქმის დასალაგებლად, (:)) ოღონდ მე აქ მეცნიერებზე ვსაუბრობ (საგულისხმოა, რომ გენდერული თანასწორობა დაცული ჰქონდათ :)). ეს ცალკე თემაა და ყველას გაეცემა არგუმენტირებული პასუხი. პირველ რიგში „შენიანის“ მიერ გაწირვა ძალიან ქართული თვისება აღმოჩნდა, სამწუხაროდ და ეს არც არც ახლა დაწყებულა, არც მე-20 ს-ში და არც მე-18-19 ს-ებში (ურა-პატრიოტებს ვთხოვ კომენტარებისგან თავის შეკავებას ).
ძალიან კარგად მესმის, რომ მუზეუმიდან გათავისუფლებულ მეცნიერებს ენანებათ ის შრომა, ის წლები, რომლებიც მათ გასწიეს ამ დაწესებულებაში და შეალიეს მეცნიერებას. უმეტეს შემთხვევაში მათი შრომა რეალურად ძალიან სასარგებლო, შედეგიანი და საერთაშორისო რეზონანსის მომტანიც იყო.
ახლა ყველას მინდა მივაწოდო ინფორმაცია უკვე ჩემი მუზეუმთან დამოკიდებულებისა და ურთიერთობის შესახებ.
მე მუზეუმში არა მარტო ერთი, ორი, ან თუნდაც სამი ათეული წელი ვიმუშავე, არამედ, მთელი ცხოვრება, თითქმის დაბადებიდან აქ გავატარე.
საქმე ის არის, რომ ჩემი მშობლები (მამა – არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი და დედა -ეთნოგრაფი ლეილა მოლოდინი) მუზეუმში მუშაობდნენ და არასდროს მიუტოვებიათ ეს დაწესებულება (თუმცა, მამა პარალელურად თსუ-შიც მოღვაწეობდა და რამდენიმე წელი არქეოლოგიის კვლევის ცენტრშიც, აკად. ოთ. ლორთქინაძის მიწვევით). ამიტომ მშობლებმა, თავიანთი ცხოვრების გასაიოლებლად პირველი სკოლის შენობაში არსებულ ბაღში შემიყვანეს და მას აქეთ ჩემი ცხოვრება ბაღსა და მუზეუმს შორის ვითარდებოდა. ერთი სიტყვით, 4 წლიდან ვიზრდებოდი მუზეუმში, მზრდიდნენ მშობლები, მათი თანამშრომლები და მეგობრები და რა გასაკვირია, რომ ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, შემდგომში ეროვნული მუზეუმი ჩემს მეორე სახლად იქცა?
თავიდან დედას დავყავდი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. 5-6 წლის ასაკიდან კი უკვე მამას, არქეოლოგიურ ექსპედიციებში, ძირითადად ჭიათურის რეგიონში, რომელიც დღესაც უშუალოდ ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია.
სტუდენტობისასაც თითქმის ყოველდღე მუზეუმში ვიყავი, სადაც მამას ვეხმარებოდი ქვის მასალის კლასიფიკაციაში და, რა თქმა უნდა, პარალერურად, ვსწავლობდი მეცნიერების ამ მართლაც ურთულეს მიმართულებას. მუზეუმის საველე სამუშაოებშიც, ექსპედიციებში ყოველ წელს ვმონაწილეობდი.
ალბათ, ახლა გასაგებია, რომ ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს და გული შესტკიოდეს მუზეუმის აწმყოსა და მომავალზე? იმ წარსულსა და მეგობრულ-კოლეგიალურ ურთიერთობებზე, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, ადმინისტრაციაში ახალი სახის გამოჩენის შემდეგ დაინგრა და რადიკალურად შეიცვალა (თუნდაც მისი მხრიდან მისალმების, ბევრად უფროსისთვის გზის დათმობის კულტურა და სხვ. იმავე, ნ. წიქარიძეს დავესესხები და ვიტყვი – გაჩნდა ზემოდან ყურებისა და ცინიზმის ყველაზე უარესი, მაგრამ ვითომ აკადემიურ ჩარჩოებში მოქცეული ფორმები).
რადგან „ვიღაც-ვიღაცეებად“ ვარ მოხსენიებული ნიკა წიქარიძეს შევახსენებ, მე ვმონაწილეობდი და შემდეგ გარკვეული პერიოდი ვხელმძღვანელობდი ეროვნული მუზეუმის ჭიათურისა და ცუცხვათის ექსპედიციებს, მათ შორის, საერთაშორისო ექსპედიციებს, მაგრამ დღევანდელი დირექტორის სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით მოხდა ჩემი ცუცხვათიდან ჩამოშორება, ხოლო, ჭიათურის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების აღმოჩენების მიჩქმალვა. აქ იმასაც მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ რამდენჯერმე, ამ სივრცეშიც და მუზეუმის თანამშრომლებთან პირადი მიმოწერისას გამისვანს ხაზი, რომ ცუცხვათი ახლა კარგ ხელშია (ზუსტად ჩემი ფრაზაა, რომელიც შემდეგ ჩემმა ოპონენტმა ჩემთანვე მოწერილ მესიჯში გაიმეორა) და მე კი არანაირი პრეტენზია ამ ძეგლზე აღარ გამაჩნია მეთქი.
ასე რომ, მუზეუმელებს (მოქმედსაც და განთავისუფლებულსაც) „რომის პაპზე დიდ კათოლიკედ“ წარმოჩენის ყოველგვარი მცდელობა უტოპიური და უსამართლოა!
ასპირანტობის პერიოდში მამაჩემმა უკვე მომანდო რაზმი, რომელიც „ორთვალა კლდეში“ მუშაობდა. ეს ძეგლი ავირჩიე სადისერტაციო თემად, სადაც სხვათა შორის, დ. ლორთქიფანიძე ჯერ მამაჩემს და შემდეგ მე მახლდა ხოლმე, რადგან ეს იყო მისი, როგორც პალინოლოგის სადისერტაციო შრომის ერთ-ერთი ობიექტი. დავით ლორთქიფანიძის ამ სადისერტაციო შრომის მეორე ობიექტი იყო „ძუძუანას მღვიმე“, რომელსაც თავის დროზე ასევე მამა სწავლობდა და სადისერტაციოდ გადასცა ბ-ნ თ. მეშველიანის რაზმს სხვა ძეგლთან ერთად, სადაც ფენების არქეოლოგიური მასალები „არეული“ აღმოჩნდა (:?) ) (ეს ცალკე თემაა).
აგრეთვე, მამაჩემმა იმის გამო, რომ ახლად გადატანილი ინფარქტის გამო 1978 წელს ვერ შეძლო წონას მღვიმეში (2150 მ ზღვის დონიდან) წასვლა, საერთაშორისო სიმპოზიუმის ვიზიტისთვის ძეგლის მოსამზადების მიზნით ეს საქმე მიანდო რაზმს ზ. ქიქოძის ხელმძღვანელობით, თვითონ კი იმავე მიზნით გაემგზავრა ცუცხვათსა და ჭიათურაში (სამწუხაროდ, ერთ ერთ არასამეცნიერო წიგნში მამა საერთოდ აღარ არის ნახსენები არც, როგორც მისი მკვლევარი და არც, როგორც აღმომჩენი 😞 ).
ყველა ზემოთ აღნიშნული ექპედიცია სამუშაოებს აწარმოებდა „რიონ-ყვირილა აუზის არქოლოგიური ექსპედიის“ სახელითა და სტატუსით.
1992 წელს გარდაიცალა ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი, მამაჩემი, დავით თუშაბრამიშვილი და ბ-მა ლალი ჯავახიშვილმა მამას მის მიერ დაფუძნებული ექსპედიციის ხელმძღვანელობა მე შემომთავაზა. იმის გამო, რომ , მომერიდა იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში უღალატოდ თანამშრომლობდა მამასთან (თ. მეშველიანი), უარი ვთქვი ბატონი ლალის წინადადებაზე. შესაბამისად, ექსპედიცია გავყავით ორად: 1. ძეგლები, სადაც დადასტურებული იყო შუა და ზედა პალეოლითური ფენები, დავიტოვე მე; 2. ბ-ნ თ. მეშველიანს გადაეცა ის ძგლები, სადაც ზედა პალეოლითური ფენები იყო დადგენილი.
იმავე, 1992 წელს, მამას ორმოციც კი ჯერ არ იყო გასული, საქართველოს ესტუმრა ბარბარა აიზეკი (ცნობილი მეცნიერის, გლინ აიზეკის მეუღლე), რომელსაც სურდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის საქმეების გაგრძელება.
ბარბარა მე და თანგომ წავიყვანეთ ჭიათურაში, ვაჩვენეთ ის ძეგლები, რომლებსაც ჩვენამდე სწავლობდა მამაჩემი. იგი აღფრთოვანდა პრაქტიკულად ყველა მღვიმითა და იმ ინფორმაციით, რომელიც მივაწოდეთ მე და ბ-ნ მეშველიანმა. ბარბარა აიზეკმა წასვლის წინ მთხოვა ანოტაციების ინგლისურ ენაზე გადაგზავნა, რათა ისინი მიეწოდებინა თავისი მეუღლის მეგობრისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი პრეისტორიკოსის, ოფერ ბარ-იოზეფისთვის, რომელიც ასევე უკვე დაინტერესებული იყო ჩვენი პალეოლითით.
ასე დაიწყო ჩვენი, ანუ საქართველოს პრეისტორიკოსების ურთიერთობა ჰარვარდის უნივერსიტეტთან და პარალელურად, ოფერ ბარ-იოზეფის კოლეგებთან იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან (იმედია, ბ-ნ მეშველიანი დაადასტურებს ამ მონათხრობის სისწორეს).
შემდეგი, ანუ 1993 წელი უკვე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ პროფ. ოფერ ბარ-იოზეფი, პროფ. ანა ბელფერ-კოჰენი (იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი) და მათი სტუდენტები ორივე უნივერსიტეტიდან. ჭიათურის გარდა, ისინი ესტუმრნენ ცუცხვათის მღვიმეებსაც, სადაც მე ვმუშაობდი ჭიათურის პარალელურად. გამოჩნდა დავით ლორთქიფანიძეც. იგი ჩვენს გუნდს პროფ. ოფერ ბარ-იოზეფის თხოვნით შემოუერთდა, როგორც ენების უკეთ მცოდნე იმისთვის, რომ „კომუნიკაცია ჩვენ შორის გაიოლებულიყო“, გარდა ამისა, ჩვენ (ბ-ნი თ.მეშველიანი და მე) მეტად უნდა ვყოფილიყავით დაკავებული უშუალოდ ძეგლების საველე და მეცნიერული კვლევებით.
როგორც ჩანს, ამ წლებში უკვე ჩაფიქრებული იყო დიდი გეგმები: 1. დმანისის „აღმომჩენასთან“ დაკავშირებით (1991 წ-ს 🙂 (სამწუხაროდ, სკოლის სახელმძღვანელოებშიც ასევე ისწავლება და პირველაღმომჩენად დ. ლორთქიფანიძეა მოხსენებული (:(). თუ როდის და როგორ აღმოჩნდა დმანისის პრეისტორიული ძეგლი შეგიძლიათ იხ. ბმულში).
ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსთან დაკავშირებით (ამის შესახებ, რომ ცუცხვათის ძეგლების მიტაცება სტუდენტობიდან ჰქონდა დაგეგმილი ვიცოდი ჩვენი საერთო, აწ გარდაცვლილი მეგობრისგან, მაგრამ ამაზე ვიცინოდით, სერიოზულად არ მიმიღია და არც მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა ჩაფიქრებული ჰქონოდა ჩვენს ექსპედიციებში მონაწილე, ჩემი შვილის ნათლიას, რომლის ორივე სადისერტაციო თემის უდიდესი ნაწილი მამაჩემისა და ჩემი კვლევის ობიექტები იყო და ნაწილობრივ ამ ძეგლების წყალობითაც ჩამოყალიბდა სპეციალისტად.
შემდეგ, ჩემთან, ცუცხვათში უცხოელმა კოლეგებმა გამოგზავნეს იმ დროს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი, დღეს კი უკვე კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი, დანიელ ადლერი, თ. მეშველიანთან კი სხვა ახალგაზრდა მიამაგრეს, ებრაული უნივერსიტეტიდან.
ცუცხვათში ჩვენი პროექტი შეწყდა იმის გამო, რომ ქუთაისიდან ამ სოფლამდე მისავლელი გზის 18 კმ ძალიან ცუდი და ძნელად გასავლელი გახლდათ, მის გავლას თითქმის საათ ნახევარი ესაჭიროებოდა, რაც ექსპედიციის მონაწილეებისთვის რთულიც იყო და სარისკოც, განსაკუთრებით იმ წლებში (რომელიმე უცხოელ მონაწილეს სამედიცინო პრობლება რომ შექმნოდა, საავადმყოფოშიც კი ვერ გადავიყვანდით დროულად).
მე უკვე ვმუშაობდი ისეთ, დღეისთვისაც კი, აქტუალურ თემაზე, როგორიცაა შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლა და ნეანდერტალელთა ჰომო საპიენსების მიერ ჩანაცვლებაა (1994 წ-ს ჩემი სადისერტაციო თემა იყო „ორთვალა კლდის“ მასალების მიხედვით). შესაბამისად, ცუცხვათის პროგრამიდან ამოვარდნისა და ჩემი ინტერესების გამო ამერიკელი კოლეგები გადავიყვანე ჭიათურაში. ოფიციალურად ჩვენი ერთობლივი პროექტი დაიწყო 1996 წ-ს. ხელშეკრულება გულისხმობდა ორ პროექტს – ორთვალა კლდისა (ფინალური შუა პალეოლითი, ადრეული ზედა პალეოლითი და გარდამავალი პერიოდი) და ძუძუანას მღვიმის კვლევებს (ზედა პალეოლითი).
ამ პერიოდიდან დაიწყო ჩუმი ბრძოლები ჩემთან და მას აწარმოებდნენ ისინი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა მთელი ცხოვრება და ვისთანაც ყოფნა ყველაზე მეტად მიხაროდა. ჩვენი ექსპედიციის განაყოფმა, ანუ იმ ჯგუფმა, რომელსაც თვითონ გავუყავი ექსპედიცია, მოინდომა ჩემი პროექტის მიერთებაც. აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩემი პროტესტის შემდეგ დ. ლორთქიფანიძემ (პროექტის იმ დროისთვის უკვე კოორდინატორმა) დააშოშმინა მეორე ექსპედიციის „აჯანყებული“ ხელმძღვანელი. მას ლორთქიფანიძემ და უცხოელმა კოლეგებმა აუხსნეს, რომ ექსპედიციებმა უნდა იმუშაოს ცალკეული პროექტების ფარგლებში და არა გაერთიანებული სტატუსით.
ოფიციალურად ორთვალა კლდის პროექტი 2002 წ-ს დასრულდა, დ. ადლერმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მაგრამ ჩვენი კვლევები დღემდე გრძელდება ორთვალა კლდეში (იმავე თემატიკაზე, რომელიც მე ჯერ კიდევ მათ გამოჩენამდე მქონდა შერჩეული, ვგულისხმობ გარდამავალი ეპოქის კვლევას) და ჩემ მიერ 2007 წ-ს აღმოჩენილ ‘ბონდის მღვიმეშიც“, ნაწილობრივ „უნდო კლდეშიც“, რაც მავანთა მეცადინეობის შედეგად შეწყდა მაშინ, როდესაც რამდენიმე უცხოელი მკვლევარი გადაიყვანეს ბ-ნ თ. მეშველიანის ექსპედიციაში (სხვათა შორის, ორთვალა კლდე არის ის მღვიმე, სადაც ჯერ კიდევ 2017 წ-ს დაიწყო სედიმენტური გენომების აღმოჩენისა და კვლევის უახლესი მეთოდის გამოყენება, თუმცა, ტელევიზიით მოვისმინე, რომ მხოლოდ წყალტუბოს მღვიმეებში მომხდარა „ტექნოლოგიური გარღვევა“ და მხოლოდ იქ გამოუყენებიათ ასეთი მეთოდები (დ. ლორთქიფანიძე). კომისიის სხდომაზე ბ-ნ დავითს კითხვაც დავუსვი, იცოდა თუ არა მან ჩვენი კვლევების შესახებ? დამიდასტურა, რა თქმა უნდა.
ადრეც დავწერე, რომ 90-ების ბოლოდან, ანუ მუზეუმში ბ-ნ დავითის მისვლის შემდეგ დაიწყო ჩემი უამრავი პროექტის დაბლოკვა, კვლევების შედეგების მიჩქმალვა, აღმოვჩნდი იგნორირებული და ექსორიაქმნილი და ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. დაინტერესებულმა და „კონკურენტმა“ გუნდმა სწრაფად აუღო ალღო მის აქცენტებს, რომლებიც მათ ინტერესებსაც აკმაყოფილებდა. ამის მაგალითია „საგვარჯილეს კლდის“ შესახებ თუნდაც მხოლოდ საქართველოში გამოსაქვეყნებელი სტატიის თანაავტორად ჩემი „დავიწყება“ იმ დროს, როდესაც ეს მასალა ჩვენ ანუ, მე და მამაჩემის, უფროსი თაობის კოლეგებმა (მ. ნოიორაძე, ლ. წერეთელი, ლ. ნებიერიძე, მ. გაბუნია) გადავარჩიეთ, მუზეუმში ჩამოვიტანეთ არმაზის ფონდიდან, შემდეგ ეპოქების მიხედვით გადავანაწილეთ და შევისწავლეთ.
2010-11 წწ-ში უკვე მეორეჯერ მივუბრუნდით ამ მასალას, მე ისევ მივიღე მონაწილეობა კლასიფიკაციაში, მაგრამ სანამ ოფიციალურად არ გავაპროტესტე, მანამდე როგორც თანაავტორი „დავავიწყდი“ ახალ და რამდენიმე ძველ თანამშრომელს (აქვე, ბმულშია ჩემს მიერ დ. ლორთქიფანიძისადმი მიწერილი მეილიც) (თანაავტორობის მიღებული ფორმა ყველასთვის ცნობილია – ყველა, ვისაც რაიმე სახის მონაწილეობა აქვს მიღებული შრომაში, თანაავტორებად იხსენიება. ცხადია, მე ჩემი სტუდენტებიც ყოველთვის მყავს მოხსენიებული თანავტორებად ყველა მაღალრეიტინგულ ჟურნალში). სხვათა შორის ისიც სამართლიანი იქნებოდა, დავით თუშაბრამიშვილიც გახსენებოდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც წარიმართა არმაზიდან ჩამოტანილი მასალის შესწავლის პირველი ეტაპი (აქ ისიც დაავიწყდათ დმანისის არ იყოს :().
ეს უკვე მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი გახლდათ, რაშიც კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, როცა 2013 წელს, ანუ სმხეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე წელიწადში ცხინვალის გაზეთში გამოქვეყნდა რუსი პროფესორის, ვ. ლიუბინის ქართველი არქეოლოგებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ინტერვიუ (მანამდე ყველა ქართველი სპეციალისტი ძალიანაც „ვუყვარდით და ყველას უდიდეს პატივს გვცემდა“ (:)). (იხ, ბმული)
ამ ინტერვიუს საპროტესტოდ ქვის ხანის ყველა მკვლევარმა (ძველმა, ახალმა, ახალგაზრდამ, ასაკოვანმა, მუზეუმში ახლად მიღებულმა და ა.შ.) ერთად გაამზადა წერილი და ისე გააგზავნეს, რომ მე არც კი გამაგებინეს (ისევ დავავიწყდი) და ხელის მოსაწერადაც არ დამიძახეს (ვითომ არ ვარსებობდი). ამიტომ მე იძულებული გავხდი ცალკე დამეწერა წერილი და ინდივიდუალურად გამეგზავნა. მთავარი კი ისაა, რომ ამ იტერვიუში ვ. ლიუბინი მხოლოდ ორ ქართველ არქეოლოგს აყენებდა შურაცხყოფას (ალ. კალანდაძე) და აბრალებდა მათ წონას მღვიმის აღმოჩენის ფაქტის დამალვას (დ. თუშაბრამიშვილი). შესაბამისად, მამაჩემისა და ჩემი „დავიწყება“ წერილის ავტორების მიერ ნამდვილად შეუძლებელი იყო.
ყოველივე ეს იმიტომ გავასაჯაროვე, რომ მეჩვენებინა როგორ თანდათანობით, ჩემი გაუმართლებელი მოთმინების ფონზე (თუმცა, დათოსთანაც, თ.მეშველიანთან და მისი გუნდის წევრთანაც პირადად ყოველთვის ვცდილობდი ურთიერთობისა და საქმის მოგვარებას სხვადასხვა ფორმით-ალერსით, კამათით, პროტესტებით) მიდიოდა საქმე ჩემს გათავისუფლებამდე და ნოემბერში მუზეუმის ადმინისტრაციისგან მივიღე შეტყობინება ჩ ე მ ი მ უ ზ ე უ მ ი დ ა ნ გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე
ბ (მე, 240 ლარზე მომუშავე თანამშრომელი გამათავისუფლეს და ისეთი ხალხი დატოვეს, რომლებსაც რამდენადაც ვიცი, საერთოდ არ უმუშავია და არც არასდროს უვლია მუზეუმში).
საინტერესოა ის, რომ ჩემს გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მუზუმის ადმინისტრაციის მოთხოვნით, გავგზავნე ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სამუშაოები მაქვს შესრულებული წინა წლებში. მე მუზეუმს წარვუდგინე ორი ახალი, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფონდების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელთა განხორციელება წესით წელს უნდა დაიწყოს:
1. ERC- INTO THE SEDIMENTARY MATRIX: MAPPING THE REPLACEMENT OF NEANDERTALS BY EARLY MODERN HUMANS USING MICROCONTEXTUALIZED BIOMOLECULES. ამ პროექტით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ძეგლებს შორის გათვალისწინებულია“ ორთვალა კლდის“ ;
2. ლიკის ფონდი (აშშ), კვლევები იტალიელებთან ერთად- Mill(e)-Stones: Ground stones and plant food processing during MIS 3 in the Caucasus..
ჩემი მუზეუმიდან გამოშვებით ჩამორთმეულ, წაღებულ, ალბათ სხვებისთვის გადანაწილებულ (თუმცა, ის ვერ გაითვალისწინა დირექტორმა, რომ ამ პროექტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ფიგურირებს) და დაბლოკილი პროექტების ვრცელ სიას მიემატებოდა ეს ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი.
ჩემი უმკაცრესი და ვაღიარებ, ძალიან მძიმე მეილის შემდეგ „აღმოჩნდა“, რომ თურმე „შემთხვევით დაწერილა ბრძანება“, „შემთხვევით“ გაუტარებიათ კანცელარიაში და „შემთხვევით“ მოუწერია ხელი დირექტორს.
სწორედ ამ ამბის შემდეგ შევხვდი ბ-ნ დავითს მისივე თხოვნით და შევთანხმდით, რომ სამეცნიერო ეთიკის ყველა საკითხი მოგვარდებოდა. თუმცა, ზუსტად ათ დღეში ტელევიზიით მოვისმინე ისევ მხოლოდ ძუძუანას მღვიმის პიარი იმ დროს, როდესაც ჩემს კვლევის ობიექტ „ბონდის მღვიმეში“ დადგენილია ყოველივე ის, რაც აღინიშნება „ძუძუანაში“, აგრეთვე, ბევრად მეტი და უფრო მნიშვნელოვანი ფაქტებიც. კიდევ ერთხელ მოტყუებულმა მეორე დღესვე გავასაჯაროვე პირველი პოსტი, რომელიც ეხებოდა დ. ლორთქიფანიძის ჩემდამი უდიერ დამოკიდებულებას.
ამის შედეგად მუზეუმის თანამშრომლების ნაწილმა, აგრეთვე, მათთან დაახლოებულმა არამუზეუმელებმაც ჩემგან შექმნეს მუზეუმისა და ქვეყნის პროგრესის მტრის ხატი (როგორც ჩანს, დათო, სიმართლე, სამართლიანობა, პროფესიანალიზმი და საქართველო მათთვის ერთი დიდი მცნებაა).
ახლა ვეკითხები მუზეუმის თანამშრომლებს (მოქმედსაც და გათავისუფლებულებსაც): როცა მუზეუმის დარბაზში სხდომა გაიმართა, რომელზეც დირექციამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სელისა და ძაფის პირველად გამოქვეყნებული და გაჟღერებული 2007 წლის ჩემი აღმოჩენა ბონდის მღვიმეში (ძუძუანას პარალელურად) მიჩქმალა და მე ამას ვაპროტესტებდი – რატომ არავინ ამოიღეთ ხმა?
რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც ქ-ნ ელისო ყვავაძეს ისეთი აბსურდი ათქმევინეს, რომ მართალია, უძველესი სელი და ძაფი ბონდის მღვიმეში 2007 წელს აღმოჩნდა და შვეიცარიაშიც დადასტურდა, მაგრამ რადგან მაღალრეიტინგულ ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, ამიტომაც არ ვახსნებთო არსად?
რამ განაპირობა მეცნიერთა ეს დუმილი? ხომ არ შეგეშინდათ რეპრესიების? დირექტორის კეთილგანწყობის დაკარგვის? ფავორიტების პოზიციაში ყოფნის დასუსტების?
თქვენ ახლა თქვენი პოზიციების აღდგენისთვის სამართლიანობის აღდგენის ეგიდით იბრძვით და იქნებ ბევრი თქვენგანი მართალიც ხართ, მაგრამ სამართალი მარტო თქვენ რომ გაგიჭირდათ მხოლოდ მაშინ გაგახსენდათ?
საინტერესოა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? შიში ხომ არ შეიქმს სიყვარულსა და სამართალი კი წყალსაც წაუღია?
თქვენ რომ 15 წელი გიმუშავიათ მუზეუმში ეს მნიშვნელოვანია და მე რომ მთელი ცხოვრება მუზეუმში გავატარე, რამდენიმე საერთაშორისო პროექტი მოტანილიც მაქვს და განხორციელებულიც ეს არაფერს ნიშნავს? (სხვათა შორის, „გვარჯილას კლდისა და სტ. კრუკოვსკის თემაც ჩემი წამოწყებულია და დელეგირებული მუზეუმში. მის შესახებ ოთხენოვანი მონოგრაფიით დღესაც ამაყობს მუზეუმის თანამშრომელთა ნაწილი, მაგრამ პრეზენტაციაზე არც კი ვუხსენებივარ არავის :().
ასეთი მოკლე მეხსიერების პირობებში შეგახსენებთ, რომ უამრავი ახლად აღმოჩენილი ძეგლი მომიტანია მუზეუმში, მათ შორის ბიპის სამუშაოებისას აღმოჩენილი, რომლებიც ფინანსურად ეხმარებოდა, როგორც მუზეუმს, ისე იქ მომუშავე არქეოლოგებს. ესეც არაფერს ნიშნავს?
თუმცა, არაფერი მიკვირს მაშინ, როდესაც გენერალური დირექტორისგან, თანაც არქეოლოგ-ანთროპოლოგ-პალინოლოგისგან მე, არქეოლოგს მესმის ფრაზა – რაში გჭირდება რომ ახმოვანებ ამდენ ძეგლს და საერთოდ რად გინდა, რომ პოულობო :_:(?!
ასეთ კითხვას ერთადერთი ახსნა აქვს და ეს თქვენთვის მომინდვია.
ახლა ერთი კითხვა ქვის ხანის სპეციალისტებს: არ იცით ვის მიერ და როდის არის დაარსებული მუზეუმში ძველი ქვის ხანის ფონდი?
თუ არ იცით შეგახსენებთ, რომ ეს ფონდი დაარსდა 1957 წ-ს არქეოლოგ დავით თუშაბრამიშვილის თაოსნობით და არა 1984 წ-ს, როგორც ეს ტელევიზიით მოვისმინე გათავისუფლებული თანამშრომლისგან. საინტერესოა, რატომ არ იღებთ ხმას და არ უსწორებთ კოლეგას „შეცდომას“?
თქვენი ასეთი დუმილი წარსულის კიდევ ერთხელ გაყალბებისთვის მხარის დაჭერაა და რატომ ხდება ეს? ნუთუ, „ვიღაც-ვიღაცეების“ შიშითა თუ რიდით?
ახლა „ნედლეულის პროექტის“ შესახებ: კომისიაზევე ვუთხარი დ. ლორთქიფანიძეს, რომ ახალგაზრდების ბრალი არ იყო, ვიზირება მან მისცა პროექტს, რომლის მსგავსი ჩემი პროექტი თაროზე ჰქონდა შემოდებული. იგივე მივწერე თქვენი გუნდის წევრებსაც.
ჩემი პრეტენზია ის იყო და არის, რომ ისინი, ვინც ეს პროექტი დაწერა არაეთიკურად მოიქცნენ (სამეცნიერო ეთიკას დიდი ხანია აღარავინ იცავს მუზეუმში) მაშინ, როდესაც იმ ადამიანს არც არაფერი ჰკითხეს და არც არაფერი შესთავაზეს იმ რაიონთან დაკავშირებით, სადაც მთელი ცხოვრებაა მუშაობს (ჭიათურა), რომელმაც პროექტის მონაწილეები თავის დროზე კაჟის გამოსავლებთანაც მიიყვანა, მათთან ერთადაც იმუშავა!!! ასეც რომ არ ყოფილიყო, არავის არაფერი არ უნდა ეკითხა?! ნუთუ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი და გაგრძელება იყო? ერთი ან რამდენიმე პირადი ურთიერთობით დაბოღმილ-დაკომპლექსებული, ჩრდილში მდგომი ადამიან(ებ)ის ბრალი ხომ არ არის რამე? არც პროექტის ავტორთან, არც მონაწილეთა ძირითად ნაწილთან მე ამ რუხი „კარდინალების“ გამოჩენამდე კარგი ურთიერთობის გარდა არაფერი მქონია.
ვერც იმას დავმალავ, რომ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, თავის ერთი-ორ თანამოაზრესთან ერთად მუდამ „მთელი არსებით“ ეწინააღმდეგებოდნენ ღია ტიპის ძეგლების მეცნიერული ღირებულის არსებობას :(!!!. ფაქტებიც არსებობს და ამის გამო დირექტორთან ჩემ მიერ გაგზავნილი მეილებიც, სადაც ვითხოვ მათთვის უმნიშვნელო მასალის ჩემი უნივერსიტეტისთვის გადმოცემას.
ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ-მოვლენების ინტრეპრეტაცია, ოცნება და ფაქტების საკუთარი სურვილების მიხედვით შეფასება პერსონიფიცირებულად და მრავალჯერ შესაძლებელია, მაგრამ ფაქტი და სიმართლე ერთადერთია.
ობიექტური შეფასება თქვენთვის მომინდია!
პირადად მე, ყველა გახსნილი დებატებისთვის მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში”, – წერს ნიკა თუშაბრამიშვილი.