„ვცდილობ, „დავიჭირო“ წამი, რომელიც მელამაზება“ – შთაგონების მოულოდნელობა, მხატვრის ოპტიმიზმი და ქართველი თოჯინა უკრაინული სამოსით…

დაიბად ბათუმში, მხატვრის ოჯახში. ბავშვობიდან იტაცებდა ხატვა და არავისთვის მოულოდნელი არ იყო, როდესაც ხელოვნების უნივერსიტეტში ჩააბარა. დაავრ როგორც ბაკალავრიატი, ასევე მაგისტრატურა.
პროფესიით მხატვარ-დიზაინერი. 2012 წლიდან აჭარის მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობს გამოფენებში. – დიზაინერის და მხატვრის, ქეთევან ბარამიძის პერსონა.

– დავიბადე ბათუმში, მხატვრის ოჯახში. ჩემი სახლი ყოველთვის სავსე იყო ნახატებითა და ხის ნაკეთობებით. მამა, გარდა იმისა, რომ მხატვარია, ხის მხატვრული დამუშავების ოსტატიცაა. ასე რომ, ბავშვობაში შემოქმედებითი გარემო ჩემი ყოველდღიურობა გახლდათ.
კარგად მახსოვს, როგორ მიკვირდა სხვის სახლებში ცარიელი კედლები, მეგონა, ყველასთან ისეთივე გარემო უნდა ყოფილიყო, როგორიც ჩემთან.
– მხატვრის ოჯახში გაიზარდეთ. როგორ შეგიყვარდათ ხატვა, გვიამბეთ…
– უფროსი ძმაც მხატვარი და ფერმწერია. ყოველთვის განსაკუთრებულად ვიყავი მოხიბლული მისი თანამედროვე ხედვით და ვცდილობდი მიბაძვას, პატარა ასაკიდან დავიწყე ხატვა და ასე გრძელდება დღემდე.
– ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრეთ, მაგისტრატურის კურსიც გაიარეთ… მხატვარ-დიზაინერი ხართ… რით იყო საინტერესო სტუდენტობის წლები?
– სკოლის დამთავრებისთანავე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სტუდენტობა ჩემთვის  საინტერესო და ბევრისმომცემი იყო, კიდევ უფრო გამძაფრდა ის გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი. პროფესიული ცოდნის გაღრმავება კი მზრდიდა და მხატვრობისადმი მეტ ინტერესს მიღვივებდა.
ბაკალავრიატის შემდეგ სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე, შევისწავლე ქსოვილები და მათი მხატვრული დამუშავება, განსაკუთრებით შემიყვარდა ბატიკა, რაზეც პერიოდულად ვმუშაობ სხვა ტექნოლოგიებთან ერთად.
–  ხატავთ ფერწერულ ტილოებს, აკეთებთ ხელნაკეთ თოჯინებს… მუშაობთ ბატიკაზე.
– ხატვისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა არ მჭირდება, თუმცა ღამით ხატვა მირჩევნია, როდესაც ფანჯრებს მიღმა არაფერი ჩანს. ჩემი ნამუშევრები უფრო ყოფითი ხასიათისაა, მგონია, რომ ყველაზე კარგად ადამიანის ემოციით შემიძლია ჩემი განწყობის გადმოცემა.
ხშირად ჩემი ნახატები მელანქოლიურია, ვცდილობ, „დავიჭირო“ წამი, რომელიც მელამაზება, რომელიც რაღაც კვალს ტოვებს ჩვენში, იქნება ეს სევდა თუ ბედნიერება. იდეა წამიერად მოდის და ვცდილობ ჩანახატის სახით შენახვას, რომ შემდეგ ტილოზე გადავიტანო.
განსაკუთრებით მიყვარს ერთ-ერთი ნახატი, რომელიც ეძღვნება ჩვენ მიერ განადგურებულ დედამიწას. ეს ნახატი გამოხატავს ჩემს გულისტკივილს ჩვენს თანამედროვე ყოფაზე, იმაზე, თუ როგორ ვექცევით დედამიწას და მაინც სადღაც არის იმედი, რომ ყველაფერი განწირული არ არის…
 „მშვიდობა უკრაინას“ –  ხელნაკეთი თოჯინა შექმენით…
– პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში და არც მე ვარ გამონაკლისი. მაშინ, როდესაც სახლში „ჩავჯექით“, ფიზიკურად აღარ იყო სამსახური, ინტენსიურად დავიწყე ხატვა,  აი, საქმით რომ გინდა შეავსო გაწელილი დღეები.
დავიწყე თოჯინების გაკეთება… ამ პერიოდს დაემთხვა უკრაინაში ომის დაწყება, უკრაინის ნაციონალურ თემაზე პატარა თოჯინა შევქმენი, რადგან ჩემი სამეტყველო ენა ხელოვნებაა. ვერ წარმომიდგენია, ამაზე უკეთესად როგორ გამოვხატავდი მათდამი მხარდაჭერას –  ქართველი თოჯინა უკრაინული ტრადიციული სამოსით.
 შთაგონება?
– შთაგონება მოდის წამიერად, – ასე ვიტყოდი. პატარა იდეა ხანდახან დიდხანს იხვეწება, რომ ტილოზე გადავიტანო.
–  ჰობი…
– ჰობი – თოჯინები და  მუსიკაა, პატარა დეტალების შექმნა, ქსოვილების აკინძვა და მერე საერთო სახის მინიჭება ძალიან მსიამოვნებს. მუსიკას კი ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული განწყობა მოაქვს. თოჯინებს ვქმნი პატარებისთვის, ზოგადად, მიყვარს მათთან ურთიერთობა და ალბათ ეს არის იმის მტკიცებულება, რომ 14 წელია ვასწავლი ხატვას.
–  აჭარის მხატვართა კავშირის წევრი ხართ, მონაწილეობგამოფენებში
– აჭარის მხატვართა კავშირის წევრი ვარ 2012 წლიდან, ვცდილობ, ყოველთვის მივიღო მონაწილეობა გამოფენებში.  ეს კარგი საშუალებაა, საზოგადოებამ გაგიცნოს და როგორც მხატვარმა, თქვა სათქმელი…
– ოჯახი…
– ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, როცა ოჯახში პატივისცემით ეპყრობიან შენს პროფესიას, ვცდილობ, ერთმა მეორეს არასდროს არ შეუშალოს ხელი… მყავს მეუღლე და ორი შვილი.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნამუშევრის შექმნა მსურს. სასიამოვნოა, როდესაც შენი ნახატი იწვევს ინტერესს, სილამაზის ობიექტი ხდება და  ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როდესაც ვინმეს უნდა, რომ მისი გახდეს კონკრეტული ნახატი. ეს ერთგვარი სტიმულია, ისწრაფოდე უკეთესობისაკენ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები