რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
“როგორც ჩანს, ადამიანებს აინტერესებთ, ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს – ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ხატის ეკლესიაში დაბრუნება ნამდვილად არის საპატრიარქოს მიზანი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური განმარტება მომავალშიც გაკეთდება.
“კომენტარებიდან როგორც ჩანს, ადამიანებს აინტერესებთ, ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს.
ამ თემაზე დეტალური ახსნა კიდევ იქნება, თუმცა, ახლავე, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ხატის ეკლესიაში დაბრუნება ნამდვილად არის საპატრიარქოს მიზანი (სხვაგვარად არ იქნებოდა მიცემული ნებართვა შესაბამისი კიოტის ტაძარში განთავსებაზე), ოღონდ პრობლემა იმ ფორმაში და არჩეულ გზაშია, რასაც ბატონი ზაზა ნანობაშვილი უკანასკნელ პერიოდში დაადგა, ის ქმნის მტრის ხატს საპატრიარქოსგან და სახელმწიფოსგან და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თავადაა ერთადერთი, ვისაც ხატის დაბრუნება სურს. რეალობა სხვაგვარია, დროში გამოჩნდება”, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით აქცია 5 ივნისს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან დაანონსდა. აღნიშნულს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის.