გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ნაკიფუში მოქალაქის საკარმიდამო ეზოში გამოვლენილია 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
“სოფელ დარჩელში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 16 ძირი ჭადრისა და 2 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე, რომლისგანაც 29 ერთეული მორი დაამზადა.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია 41 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა. გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოშიც, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების რაოდენობის შემცირება შეინიშნება,”- წერია ინფორმაციაში.