„ეკო აკადემიამ“ თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა
„ეკო აკადემიამ“ სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის თემაზე თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართა.
„ეკო აკადემიის“ ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რასაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას საბურავებისა და გამოყენებული ზეთების ღია წესით დაწვა იწვევს. ტრენინგზე აგრეთვე განიხილეს, რატომ არის დაუშვებელი მოხმარებული აკუმულატორების გარემოში გადაგდება და რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორი მართვა.
“ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში, სვამდნენ შეკითხვებს და ინტერესდებოდნენ გარემოსდაცვითი საკითხებით.
როგორც შეხვედრის დასასრულს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, „ეკო აკადემია“ თემატური ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სწორად მართვის მიმართულებით.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „ეკო აკადემიის“ მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვით საკითხებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაძლიერება და ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკების პოპულარიზაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.