სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო.
მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.