ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 1980 წლამდე დაბადებულებს „ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა უტარდებოდათ, რომელიც ადამიანებს „მაიმუნის ყვავილისგანაც“ იცავს.
„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური პრეპარატები არ არსებობს. დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს. ისინი ამ ვირუსის წინააღმდეგაც არიან ვაქცინირებულები. „ყვავილის“ ვაქცინა, რომელიც ამ პერიოდში იყო ჩატარებული, ამ ვირუსისგანაც დაიცავს ადამიანებს.

ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ინფიცირების ბევრი შემთხვევაა. საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ – ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, „მაიმუნის ყვავილი“ იოლად არ ვრცელდება, ვირუსის გადადებას ინფიცირებულთან ხანგრძლივი და ახლო კონტაქტი სჭირდება.

„დიდ ბრიტანეთში პირველი შემთხვევა 6 მაისს დაფიქსირდა. თითქმის 1 თვეა გასული. ამჟამად, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 600-ზე მეტი შემთხვევაა. მხოლოდ სამი ქვეყანაა, სადაც შემთხვევების რაოდენობა ასს აღემატება. ესაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ბევრ ქვეყანაში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. ასე რომ, ერთი თვის განმავლობაში 600-ზე მეტი შემთხვევა არ წარმოადგენს იმის მაჩვენებელს, რომ ამ ვირუსს გააჩნია გავრცელების ისეთი რესურსი, როგორც, ვთქვათ, კორონავირუსს. ჯანმო ამ თვალსაზრისით „მაიმუნის ყვავილს“, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს, არ განიხილავს. არის  თუ არა საფრთხე – ეს ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია გადაცემის გზა, თუ იოლად ვრცელდება, მაშინ ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ვირუსი იოლად არ ვრცელდება. მას სჭირდება ხანგრძლივი და ახლო კონტაქტი.
ორი პრობლემა, რომელიც აქცენტირებული იყო ბოლო 2 კვირა – დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები ბავშვებში და „მაიმუნის ყვავილი“ მოზრდილებში, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ მზად არის და, ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება, მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები