“ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება”

“ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება”, -ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ ლარი). ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული.

“მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ერთდროულად გულისხმობდა როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი. წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 312 508 პირი. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივი მწარმოებელი გადავა კარგი საწარმოო პრაქტიკის − GMP სტანდარტზე. ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორტებს შორის თანაბარი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, მიმდინარე წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა იმპორტირებულ მედიკამენტებზეც. ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა უკვე დასრულებულია და 2022 წლის ბოლოს ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია. მიმდინარე წლის აპრილიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტები დაექვემდებარა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერისა და აფთიაქიდან გაცემის ვალდებულებას, რაც ითვალისწინებს რეცეპტში მედიკამენტის არა − ბრენდული, არამედ − გენერიკული დასახელებით გამოწერას. ფარმაცევტებისთვის კი გაჩნდა ვალდებულება, პაციენტს შესთავაზონ გამოწერილი გენერიკული მედიკამენტის შესაბამისი 3 ყველაზე იაფი სავაჭრო დასახელების პროდუქტი ე. წ. „პოზიტიური სიიდან“. აღნიშნულ სიაში მედიკამენტები შესულია სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხარისხის სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნებს.

წელს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში. სოფლებში დასაქმებული ოჯახის ექიმები და ექთნები აღარ ოპერირებენ როგორც ინდივიდუალური მეწარმეები, არამედ ისინი გახდნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ამავდროულად, გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. 200-მდე სოფლის ამბულატორიას გადაეცა განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა და ტელემედიცინის 50 სისტემა, რითაც მოსახლეობისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორისთან ახლოს მიიღოს გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისები. მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკავშირის დაფინანსებით, დაგეგმილია სოფლებისთვის ტელემედიცინის დამატებით 50 სისტემის გადაცემა.
კვლავ გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც. ასევე მნიშვნელოვანი შედეგებია სხვა გადამდებ დაავადებათა, მათ შორის, შიდსისა ტუბერკულოზის შემცირების მიმართულებით.
პრიორიტეტად რჩება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. მიმდინარეობს მუშაობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მაღალტექნოლოგიური, ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდების, მათ შორის, PET/CT ინტეგრირებისთვის. საქართველო ჩაერთო ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლასთან არსებულ კიბოს გადარჩენაზე გლობალური ეპიდზედამხედეველობის პროექტში (CONCORD). მუშაობა მიმდინარეობს კიბოს უნიფიცირებული ინფორმაციული სისტემის განვითარებაზე.
დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაჩნდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების კომპონენტი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 5 400 000 ლარი. შედეგად, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა პროგრამის სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. სულ მალე, დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში. სამომავლოდ იგეგმება პროგრამის კიდევ მეტად გაფართოება.
კრიტიკული მდგომარეობა იყო დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რაზე საპასუხოდაც, დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, უახლოეს პერიოდში კი სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგში.

საანგარიშო პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის პანდემის მართვის კუთხით. 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ კრიტიკული იყო, რის გამოც რესურსები მიიმართა დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე ეფექტიანი მართვისკენ. გაზრდილი საჭიროებიდან გამომდინარე, ვირუსის ბინაზე მართვაში სრულად ჩაება პირველადი ჯანდაცვის სისტემა. იანვარში 90-მდე თანამშრომლით გაიზარდა ცენტრალური ონლაინკლინიკის ადამიანური რესურსები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დისტანციური სერვისების მიწოდების ინტენსივობა და ხარისხი. პროცესების ეფექტიანი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა სათანადო სერვისის ბარიერების გარეშე, შეუფერხებლად მიწოდება ყველა ინფიცირებულისთვის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“. აღნიშნული მედიკამენტი მნიშვნელოვნად ზღუდავს ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას და განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების გართულების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდით“ მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასოა. პანდემიის დაწყებიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთათვის ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის დაწესდა 50%-იანი დანამატი. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, მიმდინარე წლის 1 მარტიდან შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად კოვიდპაციენტების მიღებას საჭიროების შესაბამისად ახორციელებს 40-მდე კლინიკა 2000-მდე საწოლით. თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ამ ეტაპზე მინიმალურია და დღეში 30 შემთხვევას შეადგენს”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები