სამთავრობო ანგარიში: საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა გაგრძელდება
“საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ფართო კონსესუსის საგანს”,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყნის ინსტიტუციური დემოკრატიისკენ სწრაფვა, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ძირეული ბაზისია, რომელსაც ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგია დაეფუძნება.
“სტრატეგია ზედმიწევნით ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. დამტკიცებამდე დოკუმენტი გაუზიარდება პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნებისათვის, რაც აისახება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში და მისი მთავრობის მიერ მოწონების შემდგომ, დოკუმენტი გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის პარალელურად, დაიწყო მუშაობა ორ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე: ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ მექანიზმს. უწყებათაშორისი კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. ღია მოწვევის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ დაკომპლექტდა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოც, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაონ და დაამტკიცონ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ წლიური სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში, ყველა სამინისტროს, მინისტრის აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და 64-ივე მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმები. აღნიშნული პროცესი გაგრძელდა 2022 წელსაც, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმების დამტკიცების მიზნით. გარდა ამისა, 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შშმ პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენერთა ტრენინგში. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ტრენერთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო და ამ ეტაპზე გადამზადდა 500-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი”,- ნათქვამია მოხსენებაში.