გივი მიქანაძემ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში – „გლობალური პარლამენტის ანგარიში 2022 – საზოგადოების ჩართულობა პარლამენტის მუშაობაში”
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „გლობალური პარლამენტის ანგარიში 2022 – საზოგადოების ჩართულობა პარლამენტის მუშაობაში”.
გივი მიქანაძემ, როგორც ღონისძიების ფარგლებში გამართული სესიის „საზოგადოების ჩართულობის არსებული რეალობები და მომავალი პესპექტივები” მთავარმა მომხსენებელმა ისაუბრა პარლამენტის საქმიანობაში და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე.
„დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ის საქმიანობა, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის და ახალგაზრდობის, როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ასევე დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის კუთხით. აქცენტები გაკეთდა 2019 წლიდან საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდებისთვის დანერგილი დისტანციური სტაჟირების პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მიეცა ღონისძიების მონაწილეთა მხრიდან.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ და მიღებულ დოკუმენტზე, „ახალგაზრდობის 2020-2030 კონცეფცია”, რომლის საფუძველზე მუშავდება და მთავრობა მალე დაამტკიცებს, ახალგაზრდობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას 2030 წლამდე”, – აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ. გივი მიქანაძის განაცხადებით, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ჩართულობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციის კონტექსტში, რაც გულისხმობს ახალგაზრდების მოსაზრებების გათვალისწინებას კონკრეტული აქტივობების და ბიუჯეტის დაგეგმვის ნაწილში, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების განხორციელებაში.
„ვისაუბრეთ იმ პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის პროექტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. კერძოდ, შემუშავდა პარლამენტის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოები ინტერაქტიული მეთოდოლოგიით, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რომელთა საფუძველზეც ხდება მოსწავლეებისთვის პარლამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ, ისინი მოდიან და საკანონმდებლო ორგანოში ეცნობიან პარლამენტის საქმიანობას, რაც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამყარების კომპონენტია. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ, ახალგაზრდების საპარლამენტო საქმიანობაში და ზოგადად, დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის კუთხით, დაგროვილი გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა და სავარაუდოდ, გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების მიერ, სადაც მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს.
ღონისძიებაში, რომელიც 30 – 31 მაისს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.