მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა

ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეებმა კონფერენციის 10 სექციაში წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი მიეძღვნა ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას.“ მოსწავლეთა სასწავლო-კვლევითი კონფერენციის მიზანია, მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა. ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები 12-დან – 18 წლის ჩათვლით.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს მიმართა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, უსურვა მათ იყვნენ წარმატებული ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები, აღნიშნა, რომ კვლავ დიდია მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების ინტერესი კონფერენციისადმი. მადლობა გადაუხადა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებითა და სიგელებით. სასახლეში მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, კონფერენციას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.

ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია გილოცავთ კონფერენციის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ მორიგ წარმატებას!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები