„ყველა ჩემი ნახატი შთაგონებით შეიქმნა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“…

დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის 44-ე საჯარო სკოლა, შემდეგ – თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. ხატვა მისი ოჯახის განუყოფელი ნაწილია – მამაც და ორი ძმაც აკადემიის კურსდამთავრებულები არიან.
ხატვით სერიოზულად 15 წლიდან დაინტერესდა. მამის ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა, რომელიც მისი შემოქმედების შთაგონების წყარო იყო.
ხატავს როგორც აბსტრაქტულ, ასევე რეალისტურ ნამუშევრებს. ამბობს, რომ   მრავალფეროვანი შთაგონება აქვს – ოჯახი, ბავშვობა, შვილები, საყვარელი ქალი, ფილმები, მუსიკა… უბრალოდ ერთი მშვენიერი საღამო, ზღვა ან ლამაზი გარემო… „ჩემი ნახატები ჩემი სულის ნაწილია“ – მხატვარ თორნიკე კოვზიაშვილის პერსონა.

მხატვრის ოჯახში დაბადება იყო ის ძირითადი მიზეზი, რომ მეც ბავშვობიდან ხატვით დავინტერესდი და გადავწყვიტე, რომ ხატვა ჩემი მომავლის პროფესიად ამერჩია. მადლობელი ვარ, რომ სურვილთან ერთად ამის ნიჭიც აღმომაჩნდა.
– სკოლის პერიოდი ალბათ საინტერესო იქნებოდა შემოქმედებითი თვალსაზრისით…
– შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში ხატვის გაკვეთილი  ყველაზე საინტერესო და შემოქმედებითი იყო. უმეტესად ვხატავდი პორტრეტებს, ადამიანებს და ნატურმორტებს.
– სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდით. როგორ დაგამახსოვრდათ აკადემიაში სწავლების პერიოდი?
– აკადემია ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან კერად  ცოდნის მისაღებად. აკადემიაში სწავლის პერიოდი, როგორც ყველა სტუდენტისთვის, ასევე ჩემთვის საუკეთესო მოგონებაა. ეს ის პერიოდია, როდესაც შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა პროფესიონალი პედაგოგების მეშვეობით.
– ფერადოვანი და მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება: ნატურმორტები, პეიზაჟები, აბსტრაქტული ნამუშევრები, კუბისტური პორტრეტები…
– ნამდვილად სწორად შენიშნეთ. ვცდილობ, რომ ყველა სტილი ახლობელი გავხადო ჩემთვის. ახლაც რომ მკითხოთ, ფავორიტად ვერცერთ მათგანს ვერ გამოვყოფ.
ჩემს ყველა ნააზრევს, თითქმის საკუთარი ისტორია და განცდა აქვს. მაგრამ ყველაზე კარგი ამბავი მაინც ჩემი „ანგელოზების“ სერიას უკავშირდება.
წინასაშობაო პერიოდი იყო, როდესაც ნათიამ (ჩემმა მეუღლემ) და ვატომ მთხოვეს საშობაო თემატიკის ზღაპრული ნამუშევრის შექმნა. სწორედ მათი შთაგონებით დაიხატა ჩემი პირველი ანგელოზი შობის ვარსკვლავთან ერთად,  რომელიც მათი და ბევრი მომხმარებლის საყვარელი სერია გახდა.

„სიყვარულის ანგელოზი“

– საინტერესო და ორიგინალურია აბსტრაქციები თბილისურ თემებზე… ასევე – ძველი თბილისის სურათები…  როგორ იქმნება ეს „თქვენი თბილისი“?
– ჩემი აბსტრაქტული „ძველი თბილისის“ სერია  ყველაზე ახლოს არის ჩემს სულთან. მე მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე და სწორედ ამ უბანში მიღებული და ნანახი ემოციებით იქმნება ჩემი „ძველი თბილისი“… ეს ნამუშევრები ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
– ამბობთ, რომ ნახატები სულის განუყოფელი ნაწილია და მრავალნაირი შთაგონებით იხატება…
– ნამდვილად შთაგონების გარეშე ნახატი არ იქნება სრულყოფილი. თავს ვერ შეგაყვარებს და არც მოგინდება მასზე მუშაობა. არც მომხმარებელი დარჩება კმაყოფილი (ჩემი ნახატების მფლობელების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია).
ყველა ჩემი ნახატი შთაგონებით შეიქმნა და იმედს ვიტოვებ, ეს განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.

აბსტრაქცია – „ქალაქის ცხოვრება“

– ხატვა თქვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. მამა და ორი ძმაც მხატვარია…
– მამა ჩემი პირველი მოტივატორია. რაც თავი მახსოვს, იქიდან მახსოვს მამაც, რომელიც სულ ხატავდა და ავითარებდა საკუთარ შემოქმედებას.
მამის დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ხატვა ჩემი პროფესია უნდა გამხდარიყო. და დავიწყე ჩემი საქმის შეყვარება.
აქვე უნდა აღვნიშნო დედის როლი ჩემს წარმატებაში. დედა პატარა ასაკიდანვე დახატულ ჩემს ნახატებს დიდი ყურადღებით ათვალიერებდა და ყოველთვის სტიმულს მაძლევდა. ყოველ რთულ ეტაპზე ის მიმეორებს, რომ მე ამას შევძლებ.
რაც შეეხებათ ძმებს, ჩვენ ერთ პერიოდში ვსწავლობდით აკადემიაში. და ეს დრო ძალიან ტკბილად მახსენდება. დღესაც ჩემი ძმები ხელოვნების სფეროში არიან და  ყოველდღიურად ავითარებენ საკუთარ პროფესიას.
–  მეუღლე მხარში გიდგათ… გვიამბეთ შვილებზეც… თუ უყვართ მათაც ხატვა…
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შემოქმედებისა და წარმატების 50 პროცენტი ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ნათია მთელი თავისი გონებით, ძალით, შემოქმედებით და პროფესიული უნარებით ჩემ გვერდით დგას და იმ პრაქტიკულ და საგარეო საკითხებს, რისთვისაც მხატვარს დრო არ რჩება, ნათია აკეთებს.
ჩვენ საოჯახო საწარმოსავით ვართ.  მე ვქმნი, ჩემი მეუღლე კი ჩემი შემოქმედების პირველი შემფასებელი და რეალიზების მენეჯერია, ეს გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით ხელოვნისთვის.
ხოლო ჩემი შვილები ორი მამოძრავებელი ძალაა… ორი შვილი გვყავს – 5 წლის ვატო (ვახტანგ) კოვზიაშვილი  და ერთი წლის ნიტა კოვზიაშვილი. ბავშვებიც ზუსტად ჩემს ბედს იზიარებენ და ისინიც სულ ხედავენ მამას, რომელიც დილიდან სახელოსნოშია და ხატავს. ვატოსაც და ნიკასაც ძალიან უყვართ ხატვა. საკუთარი ბავშვური წარმოსახვით ქმნიან ნახატებს, ჩვენ კი ყველა ამ ნაშრომს ვინახავთ და ვეფერებით.
–  ჰობი…
– რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ხატვა ჩემი ჰობია. ძალიან მიყვარს მეუღლესთან ერთად საინტერესო შემეცნებით თემებზე საუბარიც და ფილმების ყურება.
–  გამოფენები…
– ბევრ სტუდენტურ და ახალგაზრდულ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ახლა კი ვემზადები, რომ ჩემი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზეც გავიტანო.
–  სამომავლო გეგმები.
– ყველა გეგმა ჩემს ოჯახს და პროფესიას უკავშირდება. მინდა, რომ უფრო მეტად განვვითარდე, ყველა პროფესიულ სირთულეს შევეჭიდო და საპატიოდ დავიკავო ადგილი თანამედროვე გამოჩენილ მხატვართა შორის.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები