ალისას სამყაროში მოვლინებისა და სახლში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის ისტორია ბუჩადან

ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმი-თერაპევტი და მრავალშვილიანი დედა ირინა ოკუპირებულ ბუჩაში იმყოფებოდა. იქ ის თავის ოჯახთან ერთად იყო – მეუღლესთან და  8-დან 17 წლამდე ასაკის სამ შვილთან ერთად.

ომის პირველი დღეებიდან ქალი სამედიცინო დახმარებას უწევდა მეზობლებსა და ყველას, ვინც მას მიმართავდა. მიკრორაიონში ის ლამის ერთადერთი მედიკოსი იყო. მას მოუწია სისხლდენის შეჩერება დაჭრილი წლინახევრის ბავშვისთვის, რომელსაც ოკუპანტების ტყვია მოხვდა, როდესაც მშობლები მის გაყვანას ცდილობდნენ. მან გადაარჩინა მეზობელი, რომელსაც ორივე ფეხი დაუხვრიტეს.

8 მარტს ოკუპირებულ ბუჩაში ირინამ თავისი მეზობელი ამშობიარა. სამყაროს მოევლინა პატარა ალისა.

„ზუსტად ვერ ვიხსენებ, როგორ დაიწყო ყველაფერი. 24 თებერვალს, დილით ჰოსტომელში გავიგონე გასროლის ხმა. ჩვენ ვხედავდით ამ ვერტმფრენებს, აფეთქებებს, მაგრამ მე, ისევე როგორც ბევრი ჩვენს სახლში, ვფიქრობდი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა“, – იხსენებს ირინა.

ის ირპენის საქალაქო საავადმყოფოში მიმღები და COVID-19 განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 25 თებერვალს, მიუხედავად სროლისა და აფეთქებებისა, ირინა სამსახურში გავიდა. საღამოს მას აცნობეს, რომ საავადმყოფო შესაძლოა სამხედრო დანიშნულების ჰოსპიტალი გამხდარიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ექიმს საველე ჰოსპიტალი ჰქონდა თავის სახლში ქალაქის სრული ოკუპაციის დროს.

წლინახევრის ბავშვის გადარჩენის მცდელობა

„ჩვენ სარდაფში თბილი ნივთების ჩატანა დავიწყეთ, სანთლების, საკვების. ვერც ვიხსენებ, რომ პირველ დღეებში ხალხს მასობრივად დაეტოვებინა ჩვენი კორპუსი. როგორღაც ყველა ორგანიზებულად იქცეოდა. ყველას თავისი დავალება ჰქონდა. ჯერ კიდევ იყო ელექტრობა და გათბობა. შემდეგ, 3 მარტს შევიტყვეთ, რომ „ბუჩა ჩვენია“ და ქალაქის საკრებულოს შენობაზე ყვითელ-ლურჯი დროშა გამოფინეს. ამის შემდეგ ნამდვილი კოშმარი დაიწყო“, – იხსენებს ირინა.

27 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ტანკების კოლონა შეაჩერეს ვოკზალნაიას ქუჩაზე ბუჩაში, ირპენის შესასვლელთან. ხოლო უკვე მომდევნო დღეს ბუჩა რუსებმა ოკუპაციაში მოაქციეს. ხალხს პანიკა დაეწყო, ბევრი ცდილობდა ქალაქის დატოვებას, მაგრამ, ექიმის თქმით, მათ ოკუპანტები ხვრეტდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მანქანებზე იყო წარწერა – „ბავშვები“.

„მე ერთადერთი ექიმი ვიყავი ჩვენს მიკრორაიონში, ჩემთან სხვადასხვა საკითხით მოდიოდნენ. ყველაზე ხშირად ეს პანიკური შეტევები იყო, მაღალი წნევა. მე საჭირო წამლებით ჩემოდანი გავამზადე, ხოლო რაც ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ფრონტზე, ყველაფერი სამხედროებს მივეცი. მაშინ ძალიან შევცდი…“, – ამბობს ირინა.

ოკუპაციის ერთ-ერთ პირველ დღეს მას მეზობლები ეძებდნენ ყვირილით, რომ მოუყვანეს დაჭრილი ქალი, ჩვილთან ერთად.

„მათი მანქანა ბუჩას რკინიგზის გადასასვლელზე ჩაცხრილეს. იქ უკვე მტრის ბლოკპოსტი იდგა. ოჯახი, ბავშვთან ერთად, ბუჩადან წასვლას ცდილობდა, მათ კი ცეცხლი გაუხსნეს. მათ ჩვენს ქუჩაზე გადმოუხვიეს. ქალს ტერფში მოხვდა, ხოლო ბავშვს –  ბარძაყში.

გოგონა სულ ტიროდა, მე მას ტკივილგამაყუჩებელი მივეცი, გადავუხვიე ჭრილობები, დედას ანტიბიოტიკი მივეცი და გავიქეცი ნაცნობებთან საბავშვო ანტიბიოტიკის საძებნად. როდესაც დავბრუნდი, ოჯახი უკვე ფეხით წასულა კიევის მიმართულებით. ამ ადამიანების ბედი უკვე აღარ ვიცი. ღმერთს ვევედრები, რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ“, – ამბობს ექიმი.

ბიძია ვოვამ გადაწყვიტა, ნათესავები მოენახულებინა

როგორც ირინა ამბობს, ოკუპირებულ ბუჩაში ქუჩაში გასვლა ძალიან საშიში იყო. ხალხს პირდაპირ ქუჩაში ცხრილავდნენ. ბევრი დაჭრილის აყვანა შეუძლებელი იყო მტრის მუდმივი შემოტევის გამო ქუჩებსა და სახლებზე. 

„მარტის დასაწყისში ბიძია ვოვამ გადაწყვიტა, მეზობელ სახლში ნათესავები მოენახულებინა. მას არც არავინ არაფერი ჰკითხა, რუსებმა უბრალოდ ორივე ფეხი გაუხვრიტეს. რომ არა მამაცი კაცები ჩვენი სახლიდან, რომლებმაც ტყვიების ცვენის ქვეშ ბიძია ვოვა ქუჩიდან წამოიყვანეს, არ ვიცი, რით დასრულდებოდა მისი ისტორია“, – იხსენებს ირინა.

მან ვოვასთვის დახმარების ორგანიზება მოახდინა, შეაჩერა სისხლდენა, დაამუშავა ჭრილობები, იპოვა ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკი.

10 მარტს ბუჩადან ბიძინა ვოვას ევაკუაცია მოხერხდა.

8 მარტი, ანიამ ალისა გააჩინა

ოკუპირებულ ბუჩაში უკვე არაფერი მუშაობდა. სამშობიარო სახლი დაბომბეს, სხვა ქალაქში წასვლა სახიფათო იყო და არავინ იძლეოდა სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას.

ანია 40 კვირის ორსული იყო და ოჯახური ფოტოსესია მოაწყო.

„როდესაც მითხრეს, რომ ჩვენს კორპუსში ორსული იყო, თანაც, 40 კვირის, დამბურძგლა. უნივერსიტეტის მეორე კურსზე მინდოდა გინეკოლოგობა და კარგად შევისწავლე ეს საქმე, მაგრამ პრაქტიკა მაინც არ მქონია. თუმცა, სხვა რა გზა იყო? მე თავდაჯერებით ვთქვი: ვიმშობიარებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, – იხსენებს ირინა.

8 მარტს, დილის 4 საათზე ანიამ წყლები დაღვარა. იმ დროს სახლში არ იყო ელექტრობა, არც გაზი, არც გათბობა, არც წყალი. მშობიარობა სანთლის შუქზე ჩატარდა.

„წყალი იყო ბოთლებით, მაგრამ ცივი და გათბობა ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, ალისა, თითქოს, ვითარების გაცნობიერებით, საოცრად სუფთა დაიბადა. ჩვენ ის უბრალოდ გავწმინდეთ და თბილად შევფუთეთ. ალისას მამამ ჭიპლარი გადაჭრა. ჩვენ მამა ალისას გარეშე ავწონეთ, შემდეგ ალისასთან ერთად, ასე გავიგეთ, რომ ახალშობილის წონა 3600 გრამია, სიმაღლე – 59 სმ. ის ზუსტად დილის 7 საათზე დაიბადა“, – ჰყვება უკვე ბედნიერი ირინა.

ეკატერინა, რომელიც იმ დღეს ბებია გახდა, ვერ მალავს თავის ბედნიერებას და მადლიერებას:

„მე ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანის, რომელიც ჩემი ქალიშვილის გვერდით იყო იმ დროს. წარმომიდგენია, რას გრძნობდა ირინა იმ ღამეს, 8 მარტს, როდესაც ცხოვრებაში პირველად იბარებდა მშობიარობას. 19:00 საათიდან, იმ წუთიდან, როდესაც ანიამ დამირეკა ტელეფონით და შემატყობინა, რომ ჭინთვები დაეწყო – ვლოცულობდით. მე ანიას ნათლიას დავურეკე. მან – ყველა თავის ნაცნობს, მე – ჩემებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა ლოცვამ უშველა ყველას: ირინას, მის „ბრიგადას“ და ჩვენს ქალიშვილს. მე მწამს ჩვენი გამარჯვების და ძალიან მინდა ჩავეხუტო ირინას – ამ წმინდა ადამიანს. ქედს ვიხრი მის წინაშე. სანამ ცოცხალი ვარ, მისთვის ვილოცებ. ის ჩემს შვილიშვილს სამყაროში მოვლინებაში დაეხმარა.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები