საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გაითვალისწინა, დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

“2022 წლის  23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ს.კ.-ს  განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  ბრალდებულ რ.მ-ს მიმართ. 

რ.მ-ს ბრალად ედება, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით,  ოჯახის  წევრის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 21 მაისს დღის საათებში, სამარშრუტო ავტობუსში მყოფმა ბრალდებულმა, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მეუღლეს მოკვლის მიზნით,  მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. გარდაიცვალა.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები: ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა, დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის  14 ივლისს 12:00 საათზე  გაიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები