ფოტოკონკურსის “ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ფოტოკონკურსის   „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, პირველი ადგილი  ნიკა მელიქიშვილმა დაიკავა ფოტოკადრით „ირემი“, მეორე ადგილზე გავიდა პაატა ვარდანაშვილი ფოტოსურათით „თოლიები ბათუმში“, მესამე ადგილი კი, ნიკა ქერდიყოშვილმა მოიპოვა ფოტოთი „სალი კლდის ჯარისკაცები”.  სოციალური ქსელის რჩეული გახდა  ქეთი ზარანდიას ფოტოსურათი „კუმურდოს უგუმბათო ტაძარი“.

„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სატყეო სექტორის მდგრადი მართვის ხელშეწყობაზე. ასეთი კონკურსები გარემოსდაცვითი თემების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” მიზანია, ველური ბუნების ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით, ბუნებრივი მემკვიდრეობის –  ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატების, ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. გამარჯვებულები, კონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად, პროფესიონალი ფოტოგრაფებით შედგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები