7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მორიგი სასამართლო სხდომა 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო. დღევანდელ სხდომაზე გამოცხადება კი ექსპრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, რისი დამადასტურებელი ცნობაც სააკაშვილის უფლებადამცველებმა კლინიკა “ვივა მედიდან” წარადგინეს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.