“რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობა რესპუბლიკის მოსახლეობას ბევრ შესაძლებლობას აძლევს” – ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის წევრი
რუსეთის ფედერაციასთან დადებული ორმაგი ე.წ. მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეებს დიდ შესაძლებლობებს უხსნის, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზაზა დრიაევმა.
“მათ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ უფლებებითა და სოციალური გარანტიებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არსებობს – ეს არის სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, სამედიცინო მომსახურება და სხვა“, – თქვა დრიაევმა.
მისი განმარტებით, დოკუმენტი ორივე ე.წ. ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, გაიარონ სამხედრო სამსახური იმ ე.წ. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზეც გაწვევის დროს მუდმივად ცხოვრობენ.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მეზობელი ე.წ. ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.
შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შევა.
„შეთანხმება ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთი წლის ვადებში, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე 6 თვით ადრე”, – ნათქვამია დოკუმენტში.