ხატია წილოსანი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ხატია წილოსანი N182 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული ურთიერთობები და ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.
„შეხვედრისას, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე იმ გზავნილზე, რომელიც საქართველომ მიმდინარე წლის მარტში გააკეთა და რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მისაღები განაცხადის განხილვას გულისხმობს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორია მოლოდინები და რა შეიძლება გაკეთდეს როგორც აღმასრულებელი ისე, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ მიზანს, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უკავშირდება.
აუდიტორიიდან იყო დიდი ინტერესი თუ როგორია ინსტიტუციური მზაობა, რა ძირითადი რეფორმებია განხორციელებული და დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.