კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე EPRA-ს 55-ე კონფერენციას დაესწრო
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ და კომისიის წარმომადგენლებმა მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული პლატფორმის – EPRA-ს 55-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა 11-13 მაისს, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში გაიმართა. მარეგულირებელი ორგანოების ეროვნულ პლატფორმაზე სხვა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიც არასრულწლოვნებზე რეკლამის მავნე ზეგავლენაა.
ამასთან EPRA-ს ფარგლებში განიხილეს რა როლი და მნიშვნელობა აქვს მედიის მარეგულირებელ ორგანოებს ციფრულ გარემოში. EPRA-ს წევრმა ორგანიზაციებმა ვრცლად იმსჯელეს მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი კონფლიქტის პირობებში. შეხვედრაში მონაწილე დელეგატებმა როგორც ტრადიციული, ისე ონლაინ მედიის რეგულირებასთან დაკავშირებით გაცვალეს ინფორმაცია და გამოცდილება.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში, ცალკე სესია ახალი აუდიოვიზუალური დირექტივის (AVSMD) განხორციელების კონტექსტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებისა და ამ პროცესში სირთულეებისა და გამოწვევების თაობაზე ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო.
შეხვედრაში მარეგულირებელ კომისიებთან ერთად მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, აუდიოვიზუალური მედიის ევროპული მარეგულირებლების ჯგუფის (ERGA), ევროსაბჭოსა და ევროკომისიის, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო 2013 წლიდან EPRA-ს წევრია, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.