კახა ძაგანია – „ქართულ საკანონმდებლო სივრცეში დღემდე საბჭოთა ტერმინოლოგიაა ჩარჩენილი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, კახა ძაგანიას განცხადებით, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში საბჭოთა ტერმინოლოგიაა ჩარჩენილი. როგორც ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით თავის სტუდენტებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პროფესორის თქმით, წარდგენილი სარჩელით ისინი ითხოვენ, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან საბჭოთა ტერმინოლოგია იქნეს ამოღებული.

„ჩვენმა გუნდმა, მე და ჩემმა სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა. სასამართლოში სარჩელის წარდგენის იდეა გამოიწვია იმან, რომ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში დღემდე საბჭოთა ტერმინოლოგიაა ჩარჩენილი. ბევრმა ქვეყანამ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა. მათმა საკანონმდებლო ორგანოებმა თავიანთი საკანონმდებლო სივრციდან ეს ტერმინოლოგია ამოიღეს. სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რადას დაავალა, რომ სამართლებრივი მოქმედებებით კანონებიდან საბჭოთა ტერმინოლოგია ამოეღოთ, რომელიც არაფრისმომცემია.
ჩვენთან, კანონებში ჩატოვებულია „საბჭოთა საქართველოს“, „საბჭოთა აფხაზეთის“, „საბჭოთა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ ტერმინები. ჩვენ ამ საკითხს ვასაჩივრებთ. მოვითხოვეთ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლება დაცული იყოს, საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები არაკონსტიტუციურად ცნოს და პარლამენტს დაავალოს, ყველა ის დებულება და მუხლი, რომელშიც საქართველო ან რომელიმე ავტონომიური ოლქი საბჭოეთადაა მოხსენიებული, კანონებიდან ამოღებული იქნეს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს კოლეგია ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს, კანონის „დესაბჭოეთიზაცია“ მოხდება და საკანონმდებლო სივრციდან საბჭოეთის კვალს ამოვიღებთ“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის, ნანა მამალაძის თქმით, საკანონმდებლო სივრცეში საბჭოთა ტერმინოლოგიის არსებობა მიუღებელია.

„ჩემს ჯგუფელებთან, ეკატერინე დადიანთან, ლიანა სააკოვასა და ნონა ქენქაძესთან ერთად მეოთხე კურსზე აღმოვაჩინე, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პრეამბულაში მითითებულია „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.“ ამავე კოდექსში აჭარა და აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკები. ამის გამო პროტესტი მაშინვე გაგვიჩნდა. რაც შეეხება კონტექსტს, რომელშიც ამ მუხლებს ვასაჩივრებთ, ესაა საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ღირსების უფლებას ეხება. საბჭოთა ტერმინოლოგია მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები