პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ადასტურებს.

ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.

მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები