ზურაბ აზარაშვილი: საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა უმთავრესი პრიორიტეტია.
მისივე თქმით, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივ მწარმოებელს საწარმოო პრაქტიკის – GMP სტანდარტზე გადასვლა დაევალა.
„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივ მწარმოებელს დაევალა კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP სტანდარტზე გადასვლა. ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა დასრულებულია. ჩვენი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, რაც დღეს არსებული რესურსების ფარგლებში მხოლოდ მედიკამენტების მცირე რაოდენობას მოიცავს“, – აღნიშნა მინისტრმა.