ქუთაისის ოპერის შემოქმედებით და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა პირველმა მოადგილემ განიხილეს ქუთაისის ოპერის ახალი კადრებით გაძლიერების აუცილებლობა იმისთვის, რომ ამ უდიდესი ისტორიის და ტრადიციის მქონე თეატრს სათანადო პირობები ჰქონდეს განვითარებისათვის. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ქუთაისის ოპერის სცენაზე იმ ადგილობრივი ახალგაზრდების დაბრუნებას, ვინც დედაქალაქის თეატრებსა და ორკესტრებში მუშაობს. ბუნებრივია, რომ ასევე ხელი უნდა შეეწყოს სხვა კვალიფიციური კადრებით ქუთაისის ოპერის თეატრის შევსებას. ამ მიზნით, ქუთაისის ოპერა გაძლიერდება ახალი საშტატო ერთეულებით, ხოლო არსებულ ზოგიერთ შტატზე გაიზრდება ანაზღაურება, რაც აუცილებელია თეატრის სრულფასოვანი შემოქმედებითი ფუნქციონირებისთვის.

შეხვედრაზე, ასევე, ქუთაისის ოპერის შენობის რეაბილიტაციის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ შენობის რეაბილიტაციის პროექტირება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, უკვე შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე, მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი და ახლად დანიშნული დირექტორი ზურაბ ოიკაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისიდან ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. მანამდე კი იგი 2004-2014 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ხოლო 2014 მარტი-მაისის პერიოდში სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

ქუთაისის ოპერის ხელმძღვანელობამ მინისტრსა და მის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ეს არ იყო პირველი სამუშაო შეხვედრა მინისტრთან. ქუთაისის ოპერის თეატრს სახელოვანი წარსული და დიდი პოტენციალი აქვს და სახელმწიფოს ხელშეწყობით ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები