2 აგვისტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეა

   დღეს, 2 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღეა- ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპატრიარქოს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში კი, საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წმინდა აღავლენს.
როგორც “კვირას“” საპატრიარქოში განუცხადეს, 19:30 საათზე მრევლს შესაძლებლობა ექნება, საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს უძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. მან ისრაელის მეფე აქაბი ბაალის კერპთაყვანისმცემლობისთვის ამხილა, რის გამოც დედოფალ იეზაბიელისგან იდევნებოდა. წმ. ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ კერპთაყვანისმცემლობისთვის ქვეყანას ღმერთი გვალვით დასჯიდა. სამწლიანი გვალვის შემდეგ უფალმა წმ. ილიას ლოცვა შეისმინა.
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში იქნა ატაცებული. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად მოვა და ხორციელ სიკვდილს დაითმენს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ამასთან, ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და უწოდა მას წმინდა ილია მართალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები