ზელენსკი: ჩვენი გამძლეობა ახლა უფრო მაღალია, გვაქვს თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია ომის ჭეშმარიტად დასასრულებლად

უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციები და მოთხოვნები არ შეუცვლიათ.

„დღეს ბევრს აქვს ერთი შეკითხვა: რა მოხდება შემდეგ ამერიკიდან დახმარების შემთხვევაში?

უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ. ხალხი არ უნდა ვარაუდობდეს. უკრაინა და ამერიკა პატივისცემით სავსე დიალოგს, ერთმანეთის მკაფიო პოზიციებს იმსახურებენ. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ფართომასშტაბიანი ომის დროს სიცოცხლის დაცვაზეა.

რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინაში ერთ კვირაზე მეტია სხვადასხვა სიგნალებს ვიღებთ და უკვე იყო დახმარების შეწყვეტის პრეცედენტი. შეჩერდა ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარება.

იანვრის ბოლოს შეწყდა სამხედრო დახმარებაც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სწრაფად აღდგა. ჩვენ დავინახეთ რისკები. ამიტომ, ჩვენმა სამსახურებმა – როგორც სამხედრო, ისე სპეცსამსახურებმა – მოახერხეს სიტუაციის ნებისმიერ განვითარებაში მოქმედებების ალგორითმის შემუშავება. ახლა არ არის 2022 წელი. ჩვენი გამძლეობა ახლა უფრო მაღალია. ჩვენ გვაქვს თავდაცვის საშუალებები. მაგრამ ამერიკასთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია ომის ჭეშმარიტად დასასრულებლად. არცერთ ჩვენგანს არ სურს გაუთავებელი ომი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსებს არ შეუცვლიათ პოზიციები და მოთხოვნები უკრაინასთან დაკავშირებით. ისინი მოითხოვენ ჩვენი ჯარის შემცირებას, მოითხოვენ ჩვენი ტერიტორიების ლეგალურ დათმობას, ასევე, უკრაინის მნიშვნელოვან პოლიტიკურ დეფორმაციას უკრაინის კონსტიტუციის შესუსტებით და მე ვიტყვი, რომ, ფაქტობრივად, სანამ ჩვენ ყველანი უკრაინაში ერთად და მტკიცედ ვიდგებით, სანამ აქ ვიქნებით, ეს არავის გამოუვა – მშვიდობა ღირსეული იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები