აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინული მხარე გეგმავენ, მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი ოვალურ კაბინეტში მოაწერონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადების გაკეთება მას კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სურს, თუმცა წყაროები განმარტავენ, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი და სიტუაცია, შეიძლება, შეიცვალოს. უცნობია ისიც, შეიცვალა თუ არა შეთანხმების პირობები.
შეგახსენებთ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებაზე აშშ-სა და უკრაინას ხელი გასულ კვირას, თეთრ სახლში უნდა მოეწერათ, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა და უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.