ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს, ბექა ბეგიაშვილს ესპანეთის მეფემ დოქტორის წოდება მიანიჭა

ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს, ბექა ბეგიაშვილს ესპანეთის მეფემ დოქტორის ტიტული მიანიჭა. მეცნიერს დოქტორის ტიტული საჰაერო-საინჟინრო თემაზე მომზადებული ნაშრომისთვის გადაეცა. მადრიდის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილმა სამეცნიერო საზოგადოებამ ახალგაზრდა პროფესორს დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ის მიერ ხელმოწერილი დიპლომი ახალგაზრდა დოქტორს საზეიმო ვითარებაში უნივერსიტეტის რექტორმა გადასცა.

ქართველი მეცნიერი სადოქტორო ნაშრომზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. დიპლომის დაცვის დროს ახალგაზრდა პროფესორს, ბექა ბეგიაშვილს კითხვებს მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უსვამდნენ.

31 წლის ქართველმა მეცნიერმა საჰაერო-საინჟინრო სფეროში ახალი სიტყვა თქვა. ბექა ბეგიაშვილის ნაშრომი მონაცემებზე დაყრდნობილი ახალი მოწინავე ტექნიკის კვლევაა ალგებრაში, რომელიც დინამიკურ ფიზიკურ სისტემებში გამოიყენება.

კვლევაზე მუშაობა ბექა ბეგიაშვილმა აშშ-ის Purdue University-ის ლაბორატორიაში დაასრულა, სადაც მსოფლიოს უახლესი ძრავების ტექნიკური დიზაინი იქმნება და მათი ოპტიმიზაცია ხდება. საუბარია ისეთ საერთაშორისო კორპორაციებზე, როგორიცაა: Rolls-Royce, Boeing, Airbus და სხვა.

აღსანიშნავია, რომ Purdue University NASA-ს წამყვანი ინოვაციური ლაბორატორიაა, სადაც ქართველი მეცნიერი, NASA-ს მიწვევით, 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

31 წლის ქართველ პროფესორს 10-მდე მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს შექმნილი, რომლითაც სფეროს წამყვანი სპეციალისტები სარგებლობენ.

ბექა ბეგიაშვილის მოღვაწეობა მხოლოდ სამეცნიერო სფეროთი არ შემოიფარგლება. ახალგაზრდა პროფესორი ამჟამად საკუთარი კომპანიის, Corsonic-ის მეშვეობით, სამედიცინო დარგში ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომლის დანიშნულებაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ანალიზია.

Corsonic ბექა ბეგიაშვილმა 2021 წელს დააარსა. კომპანია ამ დროისთვის ექოკარდიოგრაფიის მონაცემებს ამუშავებს, რისთვისაც მოწინავე მათემატიკურ მოდელებს იყენებს.

მალე მსოფლიო ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი კარდიოლოგიას შეხვდება და სამედიცინო სფეროში რევოლუციურ სიტყვას იტყვის.


ეწვიეთ ბექა ბეგიაშვილის გვერდს linkedin-ზე — https://www.linkedin.com/in/beka-begiashvili/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები